საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისია, რომელიც მუშაობას თებერვალში დაასრულებს, პარლამენტს ერთიან, შეჯერებულ კანონპროექტს ვერ წარუდგენს.
„მე არ მგონია, რომ კომისიის მუშაობა უნდა გაგრძელდეს. კომისიამ გააკეთა ის, რაც შეეძლო. კომისიის მუშაობას სერიოზული, გადამწყვეტი დაღი დაასვა იმ ფაქტმა, რომ ნებისმიერ ცვლილებას საქართველოს პარლამენტში სჭირდება ¾-ის უმრავლესობა ანუ 114 ხმა და იმ პირობებში, როდესაც მმართველმა კოალიციამ და ოპოზიციურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერაფერზე მოვახერხეთ შეთანხმება, კონსტუტუციურ საკითხებზე, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ცხადია, კომისიას, რომელშიც თავად ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებიც იყვნენ, ექსპერტებიც და არასამთავრობო ორგანიზაციებიც, ჰქონდა ძალიან დაბალი მოტივაცია, იმიტომ, რომ იყო ძალიან დაბალი მოლოდინი იმისა, რომ რაც არ უნდა შემუშავებულიყო კომისიის დონეზე, ეს გავიდოდა პარლამენტში და იქცეოდა გადაწყვეტილებად. ასევე, ასე დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები თავად კომისიის შიგნითაც, ცხადია, ნაკლებად იყვნენ გადაწყვეტილების მიღება უნარიანი“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისი შეფასებით, დიდი მუშაობა გასწიეს ექსპერტებმა და მათ მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კომისია პარლამენტს სერიოზულ ნამუშევარს წარუდგენს, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს.
„არის, თუ არ ვცდები, 87 თუ 88 ძალიან კონკრეტული წინადადება ფორმულირების დონეზე, ანუ თავად კონსტიტუციის პრაქტიკულად, ცოტა მუხლი არის დარჩენილი, რომლის თაობაზეც არ არის მომზადებული ძალიან კვალიფიციური ცვლილება, რომელსაც გაიზიარებს ეს პარლამენტი ან სხვა პარლამენტი. ასე რომ, კომისია მუშაობას დაასრულებს თებერვალში, კომისია პარლამენტს ვერ წარუდგენს კომისიის მიერ შეჯერებულ და მოწონებულ ერთიან კანონპროექტს, მაგრამ კომისია პარლამენტს წარუდგენს ძალიან სერიოზულ ნამუშევარს, პრაქტიკულად, ყველა საკითხზე: ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, სახელმწიფო მმართვის ორგანოებს შორის ურთიერთობაზე, თავდაცვის სისტემაზე, თვითმმართველობის თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსზე და იქ არსებულ საკითხებზე, სასამართლო ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, პროკურატურის შესაძლო კონსტიტუციურ ადგილზე და როლზე, მოსამართლეების არჩევითობის თემაზე. ძალიან სერიოზული ნამუშევარია, მაგრამ მას არ ექნება ერთიანი კანონპროექტის სახე და კომისია ამით დაასრულებს მუშაობას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო მუშაობას დაასრულებს, მისი ნამუშევარი და ოქმები გასაჯაროვდება.
„ რაც დასრულდება მუშაობა, არა მარტო ტექსტი ნამუშევრის, არამედ ოქმები, დასწრების ფურცლები, ფინანსური ამბები, ყველაფერი გამოქვეყნდება. მინდა გითხრათ, რომ არც ერთი დამატებითი ლარი არ დახარჯულა კომისიის საქმიანობაზე. კომისიის მოწვეული კონსულტანტების ანაზღაურება ეს იყო პარლამენტის მოქმედი ბიუჯეტის ხარჯზე, ჩვენი შიდა ეკონომიის ხარჯზე, ასე რომ, მე მგონია, რომ ეს იყო კარგი და სწორი საქმიანობა, მაგრამ მას არ აღმოაჩნდა საკმარისი პოლიტიკური მხარდაჭერა, იმიტომ, რომ არ იყო პოლიტიკური კონსესუსი წამყვან ძალებს შორის, ვინც პარლამენტშია წარმოდგენილი“,- აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მასალის გამოყენების პირობები






