როგორც "ნიუპოტისთვის" ცნობილი გახდა, ეს შეხვედრა ოფიციალური დღის წესრიგით გათვალისწინებული არ ყოფილა, თუმცა ოპოზიციამ შეხვედრის პირობა მაინც მიიღო.
ოპოზიციის წევრები უცხოელი ექსპერტების ვიზიტს მნიშვნელოვნად აფასებენ, იმავდროულად ეეჭვებათ, რომ მას რაიმე შედეგი მოჰყვეს, რადგან ხელისუფლება საარჩევნო სისტემაში ცვლილებების განხორციელებას 2016 წლისთვის არ აპირებს.
"მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენი შეხვედრის შემდეგ გადაწყდა ამ ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლა. საუბარი ოლქების დაყოფასთან დაკავშირებით და ჩვენ ვთქვით, რომ ეს სიტემა აწყობილია ჯერი მანდარინის პრინციპით. აქ მარტო მათემატიკურ დაყოფაზე არ არის საუბარი - საზღვრების შეცვლაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ქართულ ოცნებას გამარჯვებაში. ვენეციის კომისიისთვის ჩვენ შევიმუშავებთ რუქას, სადაც ნათლად ვაჩვენებთ, თუ როგორ არის ეს საარჩევნო ოლქები განლაგებული "- აღნიშნა პაატა დავითაიამ.
"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია ამბობს, რომ ვენეციის კომისიას დღის განრიგი საქართველოს პარლამენტმა შეუდგინა, ამიტომ ინტერპარტიული ჯგუფის წევრებთან შეხვედრას ბუნებრივია უმრავლესობამ არ ჩანიშნა.
"დღის წესრიგი შეადგინა პარლამენტმა. მას არ აინტერესებს და არც სურვილი აქვს შედგეს შეხვედრა ვენეციის კომისიასა და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის, თუმცა ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ სტრასბურგში სადაც მიიღეს თანხმობა რომ ასეთი შეხვედრა შედგება"- აღნიშნა ნაჭყებიამ.
"დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელი გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გადავიდეს სამხარეო პროპორციულ სისტემაზე.
"ეს ორგანიზაციები დიდიხანია თვლიან, რომ დღეს არსებული საარჩევნო სისტემა სწორედ აღნიშნული მოდელით უნდა შეიცვალოს"- აღნიშნა მან.
ახვლედიანი პარლამენტის მიერ შედგენილ დღის წესრიგში ინტერპარტიული ჯგუფის არჩასმასაც აფასებს და იმედოვნებს, რომ ეს ტექნიკური შეცდომა იყო.
"თუ მათ ჰგონიათ, რომ ვენეციიის კომისიასთან შეხვედრის დაბლოკვიოთ პოლიტიკურად რამეს მოიგებენ, ძალიან მეამიტური დამოკიდებულება ჰქონიათ"- აღნიშნა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა.
ამასთან, როგორც ცნობილი გახდა, ინტერპარტიული ჯგუფის წევრები საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე პრემიერ-მინისტრს მიმდინარე კვირას კიდევ ერთხელ შეხვდებიან. ისინი იმედოვნებენ, რომ შეხვედრა უშედეგოდ არ ჩაივლის.
მასალის გამოყენების პირობები






