ოპოზიციამ პარლამენტს კონსტიტუციასა და საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებათა პროექტი წარუდგინა, რომელიც 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერით მყარდება.
ოპოზიციის მიერ შემუშავებული პროექტის თანახმად, ცვლილება უნდა შევიდეს არსებულ საარჩევნო სისტემაში. კერძოდ, უქმდება მაჟორიტარული არჩევნები. პარლამენტის 150 მანდატიდან 75 - ერთიანი პროპორციული სისტემით, ხოლო 75 - სამხარეო-პროპორციული სისტემით გადანაწილდება.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს უმრავლესობას მიმართეს, რომ საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებით ინტერპარტიულ ფორმატში შეხვედრების გამართვამდე ინიცირებული პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანა არ მოხდეს.
რაც შეეხება კომიტეტში გამართულ შეხვვედრას, ის ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობდა.
კამათი ვახტანგ ხმალაძესა და მამუკა კაციტაძეს შორის გაიმართა. ახალი მემერჯვენეების ლიდერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლება საარჩევნო ცვლილებას არ განახორციელებს, ხმების დაცვა რუსთაველზე მოუწევთ.
„არ ვამბობ დაშინების მიზნით, ეს არის ქართული ცხოვრების სამწუხარო რეალობა, მერე შეიძლება რუსთაველზე მოგვიწოს ხმების ან ადამიანების დათვლა, მე არ ვარ ამის მომხრე. 2 დღის წინ გადავცდი 50 წელს და გავიზარდე რუსთაველზე, მაგრამ არა სეირნობით არამედ საკნებში“ - განაცხადა ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ.
კაციტაძის ამ განცხადებას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის რეპლიკა მოჰყვა. ვახტანგ ხმალაძემ ინტერპარტიული ჯგუფის წევრს საკუთარი ასაკი შეახსენა.
„მე თქვენზე 20 წლით უფროსი ვარ და ძალიან გთხოვთ ნუ გვაშინებთ“- აღნიშნა ხმალაძემ.
თავის მხრივ კაციტაძემ აღნიშნა, რომ რუსთაველზე აქციის გამართვის პერსპექტივა ჩანს.
„ეს პერსპექტივა ჩანს ოქტომბერ-ნოემბერში... პოლიტიკურ ლეგიტიმაციაზე დავფიქრდეთ“ - აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ კი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 75 მანდატიანი რეგიონალურ-პროპორციული სისტემის ავტორი „რესპუბლიკური პარტია“ იყო.
„ამ სისტემის ავტორი იყო ეს პარტია, მთავარი ლობისტები - დავით უსუფაშვიული და დავით ბერძენიშვილნი იყვნენ“- აღნიშნა კუკავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი კი ამბობს, რომ ხელისუფლება არსებული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.
„სწორედ ეს ადამიანები ითხოვდნენ, რომ 2008 წლის არჩევნები ჩატარებულიყო პროპორციული სისტემით. სწორედ ის სახელები და გვარები, რომლებიც დღეს საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეწინააღმდეგებიან. ნახეთ არქივი და დარწმუნედები. მათ უნდათ ამ ტკბილი სკამების შენარჩუნება, ეშინიათ, უნდათ ისეთი არჩევნები ჩაატარონ, როგორი არჩევნებიც გარდაბანში ჩაატარეს“- აღნიშნა მაჭავარიანმა.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მისთვის გაურკვეველია პრემიერი კვირიკაშვილი საარჩევნო სისტემაზე საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს თუ ქართული ოცნების, რადგან ეს განცხადებები თანხვედრაში არ მოდის.
რაც შეეხება მმართველი ძალის პოზიციას, ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა.
„ჩვენ განწირულებიც კი ვართ სამართლიანი არჩევნებისთვის. ყველა ის რეპრესიული მექანიზმი, რომელიც არჩევნებში მანიპულაციისთვის გამოიყენებოდა არ არსებობს, ჩვენ ამ მექანიზმებზე უარი ვთქვით“- აღნიშნა დეპუტატმა.
მასალის გამოყენების პირობები






