დონალდ ტუსკის თქმით, შეხვედრისას საუბარი შეეხო მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების პროცესში. ვროსაბჭოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სისხლის სამართლის გამოძიების შესახებ.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სისხლის სამართლის გამოძიება და სასამართლო დევნა ეფუძნებოდეს ფაქტებს, იყოს გამჭვირვალე და მიუკერძოებელი, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად", - განაცხადა ტუსკმა.
დონალდ ტუსკმა საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში განხორციელებული რეფორმები მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შეასრულა, პროცესის წარმატებული დასასრული კი ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტზეა დამოკიდებული.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ე.წ მოკავშირეობის შეთანხმებების გაფორმებასთან და ე.წ ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით.
დონალდ ტუსკმა საქართველოს ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






