საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტელეკომპანია "მაესტროს" გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით "მაესტროს" თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს და მესაკუთრეებს შორის დავაში მთავრობისა და პოლიტიკური ძალების რაიმე ფორმით ჩარევა კატეგორიულად დაუშვებელია.
„საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი საზოგადოების მთავარი მონაპოვარია. პრემიერ-მინისტრის პოზიციაა, რომ ამ თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს. ტელეკომპანია „მაესტროს“ გარშემო მიმდინარე მოვლენები ამ დრომდე მხოლოდ მესაკუთრეებს შორის დავის ხასიათს ატარებს.
პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ საკითხში მთავრობისა და პოლიტიკური ძალების რაიმე ფორმით ჩარევა კატეგორიულად დაუშვებელია. პოლიტიკური სპექტრის ამოცანად უნდა რჩებოდეს ქვეყანაში თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველყოფა, რაც ამ შემთხვევაშიც სახეზეა“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






