შეხვედრის დაწყებამდე არხის დირექტორმა ბაია გადაბაძემ მედიისთვის განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ წილების გადანაწილების პროცესი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.
გადაბაძე დაინტერესდა იმ ფულის წარმომავლობით, რითაც გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანიის წილები შეიძინა.
"მე გეკითხებით ირაკლი რუხაძეზე, რომელმაც გაუშვა ინგა გრგიგოლია, რომელმაც გაუშვა ლევან ჩხაიძე, რომელიც დღეს ჩემთან მუშაობს" - მიმართა გადაბაძემ უცნობს.
"არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ერთი დირექტორი იცვლება მეორეთი, ვისით იცვლება? ვადასტურებ, რომ ლევან გაჩეჩილაძეზეა საუბარი. ტელევიზიის რეიტინგი 15%-დან 4%-ზე ჩამოვიდა. ეს საკმარისია იმისთვის, რომ შეიცვალოს დირექტორი თუ არა?"- აღნიშნა უცნობმა.
რაც შეეხება "მაესტროს" დირექტორის განცხადებას მან გადაბაძეს იქვე მიმართა: "ბაია, შენ რასაც აკეთებ, ეს არის შანტაჟი. ბაია, როგორც შენ გინდა, თუ გინდა დარჩი, თუ გინდა - წადი" - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
ამ შემოთავაზებაზე ბაია გადაბაძემ აღნიშნა: "მე გთავაზობთ, რომ დავრჩები და ერთად ვმართოთ ტელევიზია, ოღონდ სარედაქციო დამოუკიდებლობას შევინარჩუნებთ. არ მინდა, რომ ირაკლი რუხაძემ და სხვა ტელეკომპანიის მმართველებმა გადათელონ ჩვენი დამოუკიდებლობა" - აღნიშნა გადაბაძემ.
გია გაჩეჩილაძესთან საუბრისას ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ შეხვდა ის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.
„ვადასტურებ, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მქონდა, ის ჩემი მეგობარია, ორ დღეში ერთხელ ვხვდები და რა არის პრობლემა?“- თქვა უცნობმა.
გაჩეჩილაძე ირწმუნება, რომ პრემიერთან "მაესტროს“ თემაზე არ უსაუბრია.
„მეგობარს და ამხანაგს რაზე ვესაუბრები ამას არ ვეტყვი მედიას" - აცხადებს გაჩეჩილაძე.
„მაესტროში“ იმყოფება ლევან გაჩეჩილაძეც, რომელიც დირექტორის პოსტზე ბაია გადაბაძეს შეცვლის.
რაც შეეხება „უცნობის“ გეგმებს, გაჩეჩილაძის თქმით, მისი ძმის მიზანია გაკოტრებული ტელევიზია გადაარჩინოს.
„ დავდებ გეგმას ფინანსური კრიზისიდან გამოსასვლელად. მთავარია, რომ ტელეკომპანიის რეიტინგი 15%-დან 4%-მდე არის დაწეული. ჩემი ძმის სატელევიზიო კრეატიული აზროვნების მეშვეობით, იმედი გვაქვს, რომ რეიტინგს ავწევთ" - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
ირაკლი რუხაძის მონაწილეობაზე "მაესტროს" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ რუხაძემ გაჩეჩილაძეებს ფული ასესხა.
„ჩვენი დიდი ხნის მეგობრობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მედია იყოს თავისუფალი და ფინანსურად დამოუკიდებელი" - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

მასალის გამოყენების პირობები






