ეროვნულ-დემოკრატუილი პარტიის ლიდერმა პრეზიდენტის გამოსვლაში რამდენიმე მთავარი გზავნილი გამოჰყო, მათ შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული, სადაც გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა და მმართველ ძალას მოუწოდა, რეფორმა 2016 წელს განახორციელოს, რომელიც მაჟორიტარული სისტემის ცვლილებას ითვალისწინებს.
,,ნამდვილად გამოვყოფდი, რომ მოხსენების მთავარი ლეიტმოტივი იყო ის, რომ დასავლური, დემოკრატიული სახელმწიფო არის საქართველოს მომავალი. მაგრამ თუ უფრო დავკონკრეტდები, ქვეყნის პირველი პირის მხრიდან, ევროატლანტიკური კურსის მხარდასაჭერი მკაფიო გზავნილი, დღევანდელ რეალობაში, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ყურადღება უნდა გამახვილდეს პრეზიდენტის გზავნილზე გაზპრომთან მიმართებაში და ამ კონტექსტში მთავრობის მხრიდან ასეთ სტრატეგიულ საკითხებში მეტი გამჭირვალობისკენ მოწოდება.
დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ანუ პარტიების გაძლიერება და მათი როლის მნიშვნელობაზე საუბარი; საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთგზის ხსენება პოზიტიური კუთხით; დამოუკიდებელი სასამართლოსკენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა; რუსთავი 2-ის მოვლენების ფონზე მედიის თავისუფლებაზე საუბარი; ვეტოდადებული კანონები, განსაკუთრებით მოსმენების შესახებ კანონს გამოვყოფდი; ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, მაჟორიტარების გაუქმების კუთხით, საარჩევნო რეფორმის 2016 წელს განხორციელებისკენ მოწოდება. აი, ეს არის, რაზეც გაკეთდა აქცენტები და ეს არის ის, რაც ხელისუფლების პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში გადაუდებლად უნდა განხორციელდეს; ეს არის ის, რასაც დასავლელი პოლიტიკოსები გვირჩევენ, ხოლო უმრავლესობის დეპუტატები ლამის მტრებად აცხადებდნენ.
რეზიუმეს სახით, რომ ჩამოვაყალიბოთ: დღეს თავისი მოხსენებით პრეზიდენტმა გააკეთა აქცენტები იმაზე, რომ საქართველოს თავისუფლებას და მის განმტკიცებას სჭირდება მყარი,დასავლური კურსის გატარება, ხოლო ამ კურსის შეუქცევადობა დამოკიდებულია შიდა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, სამართლიანი არჩევნებისა და მაღალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაზე“ - განაცხადა ედპს ლიდერმა.
მასალის გამოყენების პირობები






