„ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ საკმაოდ დრამატული, თუ ტრაგიკული არა, მოვლენების მოსმწრენი გავხდით. მე მინდა უფრო გლობალური ხედვა შემოვიტანო ამ საკითხში, ეს არ ეხება კონკრეტულ მოსამართლეებს და თუნდაც მხოლოდ სასამართლო სისტემას. ეს ყველაფერი რაც დღეს ხდება ეხება საქართველოს მომავალს, სახელმწიფოს ფუნდამენტს, მის ევროპულ პერპექტივას. სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე ამის წარმოდგენა შეიძლებელია. ორი მომენტი მინდა გამოვყო, ერთი, რაც პრეზიდენტის მისამართით ითქმის ამ ბოლო დროს ანეკდოტების სერიიდანაა. პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური და მას უარი არ უთქვამს თავის უფლებამოსილების შესრულებაზე და არც აპირებს. მას არაერთხელ მოუწევს ძალიან მწვავე რეაგირება იმ საკითხებზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივ პერპექტივას და საქართველოს მოქალაქეების უფლებებს ეხება. ჩვენ გვეუბნებიან, რომ სასამართლო არის სახელმწიფოს დამოუკიდებელი შტო და მასზე ზეწოლის ბერკეტები არავის არ უნდა ქონდეს, ეს სადაო არ არის. ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ არა ინდივიდუალური მოსამართლეები, არამედ მივიღეთ კოლექტიური მურუსიძეები. მურუსიძის დანიშვნას არ მიესალმნენ არც ხელისუფლების წევრები. ყოფილმა პრემიერმა, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ხელისუფლებაზე განაცხადა, რომ ისიც არ მიესალმება ამ დანიშვნის ფაქტს და მურუსიძე მოიხსენია სისტემის მსხვერპლად. სისტემის მსხვერპლი ვინც იყო, ის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გარკვეულ დაკვეთებს და დავალებებს ასრულებდა. გვეუბნებიან, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს და ეს ცუდი არ იყო, სასამართლო დაირქმევს კოლექტიურ მურუსიძეს და დღესაც შეიძლება ეს დაკვეთები შესრულდეს, მაგრამ არ გაბედოთ და სასამართლოს ვინმემ გადაბრუნებული სიტყვა არ უთხრათ. მე მინდა იმედი ვიქონიო, რომ სასამართლო მხოლოდ მურუსიძის თანამგრძნობი ადამიანებისგან არ შედგება და იქ არიან ადამიანები, რომელთაც დამოუკიდებელი გზის გავლა უნდათ. არ მოგეწონება პრეზიდენტი გადაირჩევ, არ მოგეწონება პარლამენტი გადაირჩევ. ეს სისტემის მსხვერპლი ადამიანები კი გვეუბნებიან რომ უვადოდ უნდა დაინიშნონ . მე ვეტყვი ყველა მოსამართლეს, ეჭვი არ მეპარება რომ სასამართლო კორპუსში არიან ადამიანები, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ, მაგრამ ამ კასტურმა განწყობამ შექმნა ერთგვარი შანტაჟის ატმოსფერო, რომ თუ არ იქნები ამ გუნდთან, ვერ დაინიშნები თანამდებობაზე. ყველა ის მოსამართლე ვინც დანიშვნას ელოდება დგას ამ დილემის წინაშე, გადაიქცეს კოლექტიურ მურუსიძედ თუ დარჩეს საკუთარი სახელი და გვარით. დარჩით საკუთარი სახელით და გვარით, შექმენით თქვენი ბიოგრაფიები და საქართველოს პრეზიდენტიც და საქართველოს მოქალაქეებიც იქნებიან თქვენს გვერდით, მაგრამ თუ თქვენ აირჩევთ კოლექტიური მურუსიძეობის გზას, ეს არ არის საქართველოსთვის სასურველი გზა და ამაში თქვენ თანამგრძნობები არ გეყოლებათ“- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






