"მოხარული ვარ, რომ თავდაცვის მინისტრი გამოვიდა და თქვა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მომხდარის ზუსტი გამოძიება და დამნაშავეებისთვის პასუხის გება. როგორც პარასკევს ჩემ განცხადებაში ვთქვი, დიდ პატივს ვცემთ ქართველ სამხედროებს და მათ წვლილს საერთაშორისო მშვიდობაში. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო იქნებოდა იმის გაგება, რომ რამდენიმე ჯარისკაცი დამნაშავეა, თუმცა ეს არ ამცირებს იმ უზარმაზარ პატივისცემას, რომელიც ქართველი ჯარისკაცების მიმართ ჩვენ გვაქვს" - განაცხადა იან კელიმ.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა განახორციელეს.
როგორც კომისარიატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხში ზეიდ რაად ალ ჰუსეინი შეშფოთებულია იმ ბრალდებების გამო, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვან გოგონებზე უცხო ქვეყნის სამხედრო პირების მიერ სექსუალურ ძალადობას ეხება.
დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული ბრალდება ქართველ სამხედროებსაც ეხება.
გაერო-ს წარმომადგენლებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არაერთ გოგონასთან ჩაწერეს ინტერვიუ, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი უცხოელი ჯარისკაცების მხრიდან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლნი არიან.
მასალის გამოყენების პირობები






