საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით თანამდებობას ჩამოცილდა 6 პირი, რომლებიც 2014 წელს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართულ სამშვიდობო მისიას კურირებდნენ. თინათინ ხიდაშელის თქმით აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო მოხდა, რომ გამოძიებაზე რაიმე ზეგავლენა არ განხორციელდეს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი აცხადებს პირველადი მონაცემებით არავითარი ძალადობა, სისხლის სამართლის დანაშაულთან ახლოს მყოფიც კი არ ჩანს.
თავდაცვის მინისტრმა საინფორმაციო გამოშვება ,,ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას გაერთიანებულ შტაბში ინფორმაცია დაუმალეს.
თავდაცვის სამინისტროს სკანდალთან დაკავშირებით ,,ნიუპოსტი“ თავდაცვის ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს ესაუბრა, რომელიც საზოგადოებას, პირველ რიგში, მოუწოდებს თავი შეიკავონ კომენტარებისგან ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან შაშკინი აცხადებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები არის ქვეყნის სიამაყე, მითუმეტეს, როცა ყველაფერი გამოძიებასთან არის დაკავშირებული. შაშკინი ყურადღებას ამახვილებს თინა ხიდაშელის იმ განცხადებაზე, სადაც მინისტრი სწორედ ინფორმაციის დამალვაზე საუბრობდა.
,,რაც ძალიან დასაფიქრებელია,ე ს არის თავდაცვის მინისტრის განცხადება, როცა მან ბრძანა რომ გენერალურმა შტაბმა მას დაუმალა კონკრეტული ინფორმაცია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი თავდაცვის სამინისტრო შედგება ორი ოფისისგან, ეს არის სამოქალაქო და სამხედრო. სამოქალაქო ოფისის არსი, მისი მთავარი ფუნქცია, ნატოს სტანდარტებით, არის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და სამოქალაქო პირების ზედამხედველობა გაერთიანებულ შტაბზე. თუ თავდაცვის მინისრის განცხადება შეესაბამება სიმართლეს, რის შემდეგაც შტაბის უფროსის მოადგილე მოხსნეს და ასევე რამდენიმე მაღალჩინოსანი ოფიცერი, მაშინ ქვეყანაში გვაქვს სერიოზული პრობლემა - სამოქალაქო ოფისი ვერ ახორციელებს თავის ფუნქციებს. თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ მე მოვიკითხე და გაერთიანებულმა შტაბმა ინფორმაცია დამიმალაო. ასეთი ფაქტები ქვეყნისთვის მძიმედ დაუჯდება, მათ შორის ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ბევრი ექსპერტი საუბრობს, რომ თავდაცვის სამინისტროში პრობლემები გაქვს მენეჯმენტის კუთხით, ეს დაადასტურა მინისტრმა მისივე განცხადებით“ - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






