„გადაწყვეტილება მაშინვე მივიღეთ, პირები, რომლებიც უშუალოდ კურირებდნენ 2014 წელს ამ თემებს, მათ შორის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ვინც მისიებს ხელმძღვანელობდა თანამდებობას ჩამოვაცილეთ. იმისათვის, რომ რაიმე მიზეზის გამო ვინმემ გავლენა ვერ მოახდინოს გამოძიებაზე.
პირველადი მონაცემებით არავითარი ძალადობა, სისხლის სამართლის დანაშაულთან ახლოს მყოფიც კი არ ჩანს. ყველაზე მთავარი არის ის რომ ის სახელი და პრესტიჟი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში აშენა ქართულმა ჯარმა, რომლითაც ჩვენ ყველანი ძალიან ვამაყობთ იყოს შენარჩუნებული. თუ ვინმემ ჩაიდინა რაიმე იმასთან მიახლოებული დანაშაულიც კი, რაზეც საუბარია გაეროს პრესრელიზში, კანონის უმკაცრესი მოთხოვნებით დაისჯება. სწორედ იმისთვის, რომ ერთი, ორი ადამიანის მსგავსი ქმედებით დანარჩენ შეიარაღებულ ძალებზე არ გავრცელდეს. ის 160 ადამიანი, ვინც იმ აფრიკის კონტინგენტში იყო, ერთგვარად კითხვის ნიშნის ქვეშ არის. მათ ოჯახები, მეგობრები ჰყავთ და არ მინდა იმის დაშვება, რომ ვინმე ოდესმე გაბედავს, რომ ამ ადამიანებს რაიმეში კოლექტიურად დასდონ ბრალი“- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა განახორციელეს.
როგორც კომისარიატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხში ზეიდ რაად ალ ჰუსეინი შეშფოთებულია იმ ბრალდებების გამო, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვან გოგონებზე უცხო ქვეყნის სამხედრო პირების მიერ სექსუალურ ძალადობას ეხება.
მასალის გამოყენების პირობები






