იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჰააგის სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას აგვისტოს ომის გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით პოზიტიურად აფასებს.
მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების ფორმულირება სამართლებრივად სწორია და შესაბამისობაშია საქართველოს ინტერესებთან.
„გუშინ ჰააგის სასამართლომ გასცა ნებართვა ფატუ ბენსუდასადმი, რომ მან შეძლოს დაიწყოს გამოძიება რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე. ჩვენ ეს გადაწყვეტილება შევისწავლეთ და მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილების ფორმულირებები სამართლებრივად სწორია და შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახლემწიფო არ არის და ის საქართველოს ნაწილია. ასევე ნათქვამია, რომ ჰააგის საამართლო მხედველობაში იღებს მხოლოდ იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც მხოლოდ საქართველოსა და რუსეთში ჩატარდა და ის არ და ვერ მიიღებს მხედველობაში იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც შეიძლებოდა ჩატარებულიყო სამხრეთ ოსეთი მიერ. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე მოცემულია ყველაფერი ის, რაც ჩვენ როგორც მხარემ ქალბატონ ბენსუდასთან დავაყენეთ, როგორც საკითხები. გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქართველთა ეთნიკურ წქმენდას და ჰააგის მოსამართლე ამბობს, რომ იმ ფაქტების მიხედვით, რაც მის ხელთა არის ამ ეტაპზე, ომის დროს არსებობდა შემუშავებული მოდელი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართველთა ეთნიკური წმენდისა, რაც გულისხმობდა მათ განზრახ მკვლელობებს“, - განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, პოზიტიურია ასევე ვადები, რაზეც გამოძიების ნებართვა გაიცა.
„პოზიტიური და მივესალმებით იმას, რომ გამოძიებაზენებართვა გაიცა რამდენიმე თვიან პერიოდზე, კერძოდ, 2008 წლის 1 ივლისიდან 2008 წლის 10 ოქტომბრამდე მომხდარ ფაქტებზე. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა ვაჩვენოთ როგორც მხარემ, რომ ომს რომელიც აგვისტოში საქართველოს თავს დაეცა, ჰქონდა სერიოზული წინაპირობები. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ეს საქმე ამ ნებართვის შედეგად მოექცევა სამართლებრვი ჩარჩოში“, - განაცხადა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






