გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები იმართება. ცესკოში კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
„საარჩევნო უბნები ამომრჩევლისთვის დილის 8:00 სთ-დან გაიხსნა, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს,“ - განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.
მისივე განმარტებით, №30-ე და №54-ე უბნებზე კენჭისყრის წინა პროცედურები დადგენილზე ოდნავ მეტ ხანს გაგრძელდა, მაგრამ ორივე უბანზე უკვე პირველი ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის პროცესი ყველანაირი შეფერხებების გარეშე წარიმართა.
ანა მიქელაძემ ბრიფინგის დასრულებისას ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
შეხაგსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
ასევე გაცნობებთ, რომ მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ასევე, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. მოქალაქეებს და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.
ცენტრალური სააარჩევნო კომისია დღის განმავლობაში მუდმივად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






