საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე უშიშროების საბჭოს სხდომას სავარაუდოდ ვერ დაესწრება. ამის მიზეზად ჯაფარიძის სტრასბურგში ყოფნა სახელდება. მისი თქმით, თუ 29 იანვრამდე დაბრუნდა საქართველოში, ის სხდომას დაესწრება.
„ამ ორ სტრუქტურას სხვადასხვა ფუნქციები აქვთ. რა თქმა უნდა, გადაკვეთა არის და ეს უხერხულობა ჩემთვისაც საკმაოდ მიუღებელია, მაგრამ ეს ორი სტრუქტურა მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით და აქვთ თავისი კონკრეტული ფუნქციები. პრემიერს აქვს თავისი დღის წესრიგი, რომელსაც ემსახურება კრიზისების საბჭო, უშიშროების საბჭო კი სხვა განზომილების სტრუქტურაა. რაც შეეხება ჩემი დასწრების საკითხს, მანდატით ჩემი მონაწილეობა განსაზღვრულია, მაგრამ მე სტრასბურგში ვიმყოფები, თუ მე ადრე ჩამოვედი საქართველოში, დავესწრები“ - განმარტა თედო ჯაფარიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 2016 წლის 29 იანვარს 14:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში (თბილისი, მ.აბდუშელიშვილის ქ.1) გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






