გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე პრემიებთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭირვალეობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ მან სახელფასო დანამატის სახით მხოლოდ 2 ათას 400 ლარი მიიღო.
ამის შესახებ სალუქვაძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას განაცხადა.
„ის, რომ მე 22 ათასი ლარი ავიღე პრემია არ ვადასტურებ და არც ვიცი ვინ რა გამოაქვეყნა, მე ავიღე 2 ათას 400 ლარი პრემია მხოლოდ“, - ამბობს სალუქვაძე.
კითხვაზე, თუ რა დამსახურების გამო აიღო მხარის პირველმა პირმა, სახელფასო დანამატი, სალუქვაძე ამბობს:
"ჩემო კარგო, გუშინ ღამის ხუთ საათზე წავედი სახლში. დიდთოვლობის გამო, არ დამისვენია და დავდიოდი სოფლებში. მთელი ღამე სამსახურში ვიყავი და ვმუშაობდი, ვფიქრობ დამსახურებულად მივიღე პრემია. მე ყოველდღიურად ვმუშაობ 12 საათამდე, შეგიძლია მობრძანდეთ და ნახოთ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩვენ მივიღეთ სახელფასო დანამატი დამსახურებულად და არ ვიცი გამჭვირვალეობა საქართველომ რა გამოაქვეყნა. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, არა მხოლოდ სტიქიის პერიოდში არამედ, საერთოდ“ - ამბობს სალუქვაძე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სამხარეო ადმინისტრაციებში 2015 წელს გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, გურიის გუბერნატორმა გია 2015 წელს სახელფასო დანამატის სახით 22 668 ლარი, პრემია კი 2 950 ლარის ოდენობით მიიღო.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






