„ნაციონალურ მოძრაობაში“ გუგული მაღრაძის მიერ „ქართული გაზეთში“ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურებიან და უმრავლესობის დეპუტატს კომუნიზმის სიმბოლოს უწოდებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა გააკეთა,
„ბროშურაში ქალბატონი გუგული ამბობს: „კომუნიზმის მშენებლობის საბოლოო მიზანს წარმოადგენს ახალი ტიპის ადამიანი, ყოველმხრივი და ჰარმონიულად განვითარებული. არსებითი ადამიანური ძალების თავისუფალი და სრული გამოვლინება არის კომუნიზმის წარმატებით მშენებლობის აუცილებელი პირობა. მარქსიზმი ადამიანის პიროვნებაში ხედავს უმაღლეს ღირებულებას წარმოების განვითარება სოციალური და პოლიტიკური გარდაქმნის თვითმიზანი კი არა, არამედ საშუალებაა ადამიანური პიროვნების გაფურჩქვნისა.“
როგორც მოგეხსენებათ ქალბატონი გუგული „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და სახეა. დღეს იგი თავს დებს ქართველი ხალხის ინტერესების და ადამიანის უფლებების დაცვაზე. რეალურად, ეს ბროშურა აჩვენებს რომ საზოგადოებას ხელში შერჩა კიდევ ერთი კომუნისტი, რომელიც ემსახურებოდა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციას - რომელმაც ჩვენს ქვეყანას ათწლეულებით დაუხშო განვითარების შესაძლებლობა, წაართვა თავისუფლება და გაუნადგურა საუკეთესო შვილები - და მუშაობდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის წინააღმდეგ.
ეს ტრაგიკომიკური პუბლიკაცია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს რომ ქართულ ოცნება ნაწილობრივ შედგება საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის ყოფილი მსახურებისგან რომელთათვის მთავარი ამოცანა მაშინაც და დღესაც იყო კომფორმიზმი და კონიუნქტურას აყოლა. ასეთი ადამიანებისთვის ისეთი ცნებები როგორიცაა ეროვნული ინტერესები, ხალხის კეთილდღეობა და სახელმწიფოებრიობა მხოლოდ ერთგვარი რიტუალია საკუთარი მერკანტილური მიზნების მისაღწევად. სამწუხაროდ, ქართული ოცნების მრავალი წევრი საკუთარ კომუნისტურ წარსულს მალავს.
ხომ შეუძლებელია იმის წარმოდგენა რომ ადამიანი რომელიც 30 გვერდიან ბროშურაში 14-ჯერ ახსენებს ლენინს, იშველიებს ლენინის 5 ვრცელ ციტატას, 6-ჯერ ახსენებს „კომუნიზმს“, „სოციალისტურს“ – 16-ჯერ, „კომუნისტურს“ შეიძლება იყოს გულწრფელი როცა ის თავს დებს ეროვნული და ევროპული ფასეულობების დაცვაზე. სიმბოლურია რომ დღეს ეს ადამიანი იმ ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ინსტიტუტში დადის დიდი სიამოვნებით რომლის კომუნიზმის მიერ დამარცხებასაც წინასწარმეტყველებდა.
იგი ასევე წერს: „ლენინი ჯერ კიდევ 1902 წელს განსაცვიფრებელი გამჭრიახობით ხაზს უსვამდა, რომ სოციალისტურ და კაპიტალისტურ საზოგადოებაში წარმოების ორგანიზაციას შორის პრინციპული განსხვავებულობა და წინააღმდეგობრიობა საზოგადოების წევრების მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ხარისხში კი არ მდგომარეობს, არამედ „საზოგადოების ყველა წევრის სრულ კეთილდღეობასა და თავისუფალი ყოველმხრივი განვითარების უზრუნველყოფაშია“
გუგული მაღრაძის ეს პუბლიკაცია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს რომ ეს ხალხი - „ქართული ოცნება“ - ნაწილობრივ წარმოადგენს ნაწილობრივ საბჭოთა ოკუპაციის ერთგვარ რელიქტს და ქართველ ხალხს არაფერში გამოადგება, რადგან არ გააჩნია და არც შეიძლება გააჩნდეს ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცების და კეთილდღეობის მიღწევის არანაირი ხედვა“, - განაცხადა კანდელაკმა.
მასალის გამოყენების პირობები






