უმრავლესობის დეპუტატის გია ვოლსკის განცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე მისვლასთან დაკავშირებით მთავრობის წევრების მხრიდან პრობლემები იყო. თუმცა როგორც ვოლსკი ამბობს, ეს მათი ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარეობდა.
„სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით იყო პრობლემები, რომელიც ეხება მთავრობის ყოველდღიურ საქმიანობას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი თემებია და უშიშროების საბჭომ ეს თემები უნდა განიხილოს“, - განმარტა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ.
ოპოზიციაში თვლიან, რომ საბჭოს სხდომას ყველა წევრი უნდა დაესწროს. როგორც გიგი წერეთელი ამბობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უპატივცემულობა იქნება.
„მგონია, რომ ანეკდოტური ვითარებაა ამ სხდომებზე დასწრებასთან დაკავშირებით. ქვეყანას, რომელსაც აქვს უსაფრთხოების პრობლემები, ოკუპირებული ტერიტორიები, ირგვლივ ტერორიზმის საფრთხე, შიდა ეკონომიკური სირთულეები, ოპოზიციასთან გართულებული ურთიერთობები, რა თქმა უნდა, ყველა ამ საკითხზე კონსტრუქციულად მსჯელობა საჭიროა, მათ შორის მთავრობის წევრების მონაწილეობით“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 2016 წლის 29 იანვარს 14:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში (თბილისი, მ.აბდუშელიშვილის ქ.1) გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






