2012-2014 წლებთან შედარებით, შემცირებულია პრემიების გაცემის სიხშირე და ოდენობა, თუმცა 2015 წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სახელფასო დანამატის გაცემის მაჩვენებელი;
2015 წლის განმავლობაში სახელფასო დანამატი ყველა სამხარეო ადმინისტრაციაში ყოველთვიურად გაიცემოდა;
თანამდებობის პირთა მიერ აღებული პრემიისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე გურიის სამხარეო ადმინისტრაციებმა მოგვაწოდეს. სხვა სამხარეო ადმინისტრაციების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში კი, მხოლოდ წლის მანძილზე პრემიისა და დანამატის სახით გაცემული თანხის ჯამური ოდენობაა ასახული;
2015 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 63 960 ლარის ოდენობით, რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიცა;
2015 წელს სახელფასო დანამატის სახით ყველაზე დიდი თანხა გაიცა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში - 167 712.26 ლარის ოდენობით. 2015 წელს გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის საერთო მაჩვენებლითაც პირველ ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაა (204 769.76 ლარი);
2015 წელს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორს, პარმენ მარგველანს სახელფასო დანამატის სახით დაერიცხა 35 400 ლარი, პრემია კი - 2 950 ლარი (საერთო ოდენობა - 38 350 ლარი);
გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, რომელიც ამ თანამდებობაზე 2015 წლის მაისიდან იმყოფება, 2015 წელს სახელფასო დანამატის სახით მიიღო 22 668 ლარი, პრემია კი 2 950 ლარის ოდენობით;
გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის მოადგილემ, ქეთევან მოისწრაფიშვილმა, რომელიც 2015 წლის მაისამდე გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 2015 წელს სახელფასო დანამატი 12 732 ლარი, ხოლო პრემია - 2 360 ლარი მიიღო;
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციების ცალკეული თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატები გაიცემა დასაბუთების გარეშე, რაც არღვევს დანამატების გაცემის პრინციპს.

მასალის გამოყენების პირობები






