საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შექმნა საჭირო არ არის. დეპუტატების განცხადებით, ეს არაფრის მომტანი არ იქნება. როგორც გია ჟორჟოლიანი ამბობს, საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით მათი პოზიცია უცვლელია.
„საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებით არის ორი საკონსტიტუციო ინიციატივა. ამის თაობაზე მე ვერ ვხედავ ვერავითარ შესაძლებლობას, რომ რაიმე სამუშაო ჯგუფი შეიქმნას. ეს ინიციატივები დაფიქსირებულია. ამ ინიციატივების ხელახალი ცვლილება წარმოუდგენელია. ეს ამბავი უნდა დამთავრდეს, გესმით? ვიღაცეების ლაპარაკი ქართველი ხალხის სახელით, რომლებსაც ამის არავითარი საფუძველი არ აქვთ, უნდა დამთავრდეს“, - ამბობს ჟორჟოლიანი.
მის განცხადებას თამაზ მეჭიაურიც ეთანხმება და ახალი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე საუბარი არასწორად მიაჩნია.
„მიმჩნია, რომ ამის შექმნა არაფრის მომტანია. მითუმეტეს, უკვე მიღებულია ახალი კანონი და საარჩევნო რეჟიმში უნდა იყოს უკვე გადასული პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და კიდევ ახალი კანონის ამოქმედებაზე საუბარი არასწორად მიმაჩნია“, - განაცხადა მეჭიაურმა.
ინტერპარტიული ჯგუფის და მთავრობის მეთაურის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომლის ფარგლებშიც ოპოზიციას შესაძლებლობა ექნება პრემიერ მინისტრს საკუთარი წინადადებები წარუდგინოს.
მასალის გამოყენების პირობები






