მთავრობის კანცელარიაში ამ წუთებში ინტერპარტიული ჯგუფის წევრების და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მიმდინარეობს.
გიორგი კვირიკაშვილთან ოპოზიციის ლიდერების საუბრის ძირითადი თემა საარჩევნო სისტემის ცვლილებება და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხია.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, ის დღევანდელი შეხვედრიდან კონკრეტულ შედეგს არ ელოდება.
"არ მინდა ზედმეტი იმედებით ვიყო აღჭურვილი და რაღაცნაირად გავაფეტიშო და განსაკუთრებული მოლოდინები შევქმნა დღევანდელი შეხვედრის შესახებ. თუ პრემიერის და კოალიციის მხრიდან იქნება სწორი დანახვა იმ პრობლემებსა, რაც შეიძლება წარმოიქმნას საპარლამენტო არჩევნებისათვის, მაშინ გაუმჯობესება მოხდება და შედეგი დადგება. თუ არადა არც მეტი არც ნაკლები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმაციის საფრთხე დაემუქრება", - ამბობს კაციტაძე.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციაზე საუბრობს „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავაც.
იგი იმედოვნებს, რომ გიორგი კვირიკაშვილი არ გაიმეორებს მისი წინამორბედების შეცდომებს, რომლებსაც ქარდავას განცხადებით, ოპოზიციასთან საუბრის ინტერესი არ ჰქონდათ.
„ჩვენი მხრიდან არის ერთი მნიშვნელოვანი წინადადება. თუ ხელისუფლება მზად არ არის, რომ კონკრეტული პასუხები გაგვცეს, შეიძლება შეიქმნას ინტერპარტიული ფორმატი, რომელიც საბოოლოოდ დაუსვამს წერტილს 2016 წლის არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემას" , - ამბობს ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






