საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს ამ წუთებში. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე ოპოზიციის და მმართველი გუნდის წევრები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვს. ამას მმართველი გუნდიც ეთანხმება, თუმცა მხარეები ვადებზე ვერ თანხმდებიან.
როგორც ოპოზიციაში ამბობენ, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ცვლილებების განხორციელება 2016 წელს შესაძლებელია.
„240 ათასი ხელმოწერაა პარლამენტში შემოსული საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების მოთხოვნით. ეს არის ხალხის ხმა და აქედან გამომდინარე ხელისუფლება წაგებულ მდგომარეობაშია. ის უარს ეუბნევა ხალხის. არ იცის რა უნდა ქნას, ჩვენ ვცდილობთ მივეხმაროთ მას“, - ამბობს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ზურაბ აბაშიძე.
უცვლელია ხელისუფლების პოზიცია. მათი თქმით, ახალი სისტემით არჩევნები 2020 წელს ჩატარდება.
„პოზიცია იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების შედეგად პროპორციული არჩევნები ჩატარდეს მხოლოდ 2016 წლის შემდეგ არის მყარი, ამ პოზიციაში კორექტირება არ იქნება. დანარჩენზე მსჯელობა იქნება“, - ამბობს უმრავლესობის დეპუტატი გია ჟორჟოლიანი.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და კონსტიტუციონალისტები, რომლებიც განხილვაში მონაწილეობას ღებულობენ თვლიან, რომ ოპოზიციის მიერ შეთავზებული მოდელი უფრო მისაღებია. თუმცა მათი განმარტებით, ცვლილებების 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მოსწრება თითქმის შეუძლებელია.
"ცვლილებები რომ მიიღოს პარლამენტმა, საჭიროა ორი თანმიმდევრული სესია და კენჭისყრებს შორის მანძილი არ უნდა იყოს სამ თვეზე ნაკლები. ამის გათვალისწინებით რთულად წარმომიდგენია, რომ ეს ცვლილებები მოესწროს. სამწუხაროა, რომ ხელუსუფლება ესე გულგრილად ეკიდება ხალხის შეთავაზებას და იმის ღირსადაც არ თვლის საზოგადოებას, რომ მის ინიციატივაზე გამართულ შეხვერებში მიიღოს მონაწილეობა", - ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.
მასალის გამოყენების პირობები






