ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული და ენერგეტიკულ სექტორში დაგეგმილი ღონისძიებების მიმდინარეობას, აგრეთვე რეგიონალური და საერთაშორისო მნიშვნელობის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერასა და სხვა მიმდინარე საკითხებს.
"ვისაუბრეთ ორ ძირითად საკითხზე. პირველი იყო ის კონტაქტი, რომელიც საქართველოს აქვს "გაზპრომთან" და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ საქართველოს გაზმომარაგება უსაფრთხოდ განხორციელდეს. მეორე საკითხი, ენერგო სფეროში ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას შეეხებოდა. "გაზპრომთან" მოლაპარაკების დეტალებზე თავად მინისტრმა უნდა ილაპარაკოს. მან დიალოგის შესახებ ზოგადი ინფორმაცია მომაწოდა. ჩვენ გვესმის, რომ მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს უსაფრთხო გაზმომარაგება. სწორედ ამას აკეთებს საქართველოს მთავრობა. ვაფასებთ, რომ დეტალურად ვსაუბრობთ ამ საკითხზე საქართველოს მთავრობასთან, რადგან ეს თემა ჩვენს თანამშრომლობასაც ეხება", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
მასალის გამოყენების პირობები






