ვენაში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრისა და გაზპრომის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გუშინ ვენაში გაიმართა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვენაში მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
„შეხვედრას რაც შეეხება ავსტრიაში, მოლაპარაკებები ისევ გრძელდება, შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ჩვენ ქართულ მხარეს გვინდა მივიღოთ ისევ ის შედეგი, რასაც ვიღებდით, მოცულობების თვალსაზრისით.
გინდ ულტიმატუმი დაარქვით, გინდა მოთხოვნა. საუბარი მიდის გატარებისთვის თანხობრივ გადახდაზე. რა თქმა უნდა ჩვენ ქართულ მხარეს გვინდა იგივე შედეგის მიღება, რასაც ვიღებდით ნედლეულის სახით და ასევე გვქონდეს შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში წამოვიღოთ იმდენი მოცულობის ბუნებრივი აირი, რამდენიც იქნება მოთხოვნა“, - განაცხადა კალაძემ.
ქართველი პოლიტიკოსები მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი "გაზპრომთან" დაკავშირებულ პროცესებში მეტ გამჭვირვალობას ითხოვენ. "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა მოსახლეობას აშანტაჟებს. ექსპერტი რომან გოცირიძე კი ამბობს, რომ ,,გაზპრომთან“ მოლაპარაკებების გამო მთავრობა უნდა დაისაჯოს.
მასალის გამოყენების პირობები






