ევროპარლამენტმა საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხზე რეზოლუციის პროექტი გამოაქვეყნა.
დოკუმენტში, ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება ევროკომისიის დადებით შეფასებებს საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე და აქვს მოლოდინი, რომ აღნიშნულ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შემოღებაზე გადაწყვეტილება არ შეყოვნდება.
რეზოლუციის პროექტის იმ ნაწილში, რომელიც უშუალოდ საქართველოს ეხება, ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებულ რეფორმებს, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის, ეფექტურობისა და სტაბილურობის გაძლიერებას ითვალისწინებს. ასევე მიესალმება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლებების დაცვის გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს რეფორმები არასაკმარისია.
ევროპარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციული პლურალიზმი დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტუის ღირებულებებია. ევროპარლამენტი შეშფოთებულია, მედია პლურალიზმის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით, როგორიცაა სამაუწყებლო კოპმანია „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებული მოვლებენები. ამ საკითხთან დაკავშირებით, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს მედია პლურალიზმი, სარედაქციო დამოუკიდებლობა და მედია მფლობელების გამჭვირვალობა, განსაკუთრებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს ძალისხმევა რათა უზრუნველყოს სასამართლო სისტემაში, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე ახლად შექმნილ უსაფრთხოების სამსახურში სრული დამოუკიდებლობა, ეფექტურობა, მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმი და მოუწოდებს საქართველოს, გამოიჩინოს პოლიტიკური ნება ამ ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებისთვის მექანიზმის შესაქმნელად.
ევროპარლამენტი კვლავ შეშფოთებულია პროკურატურის ანგარიშვალდებულების ნაკლებობის გამო და იმ ბუნდოვანი კრიტერიუმების გამო, რომლის მიხედვით ნიშნავენ პროკურორებსა და გამომძიებლებს.
ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და პოლიტიკური მოტივებისგან გათავისუფლებული სასამართლო პროცესების უზრუნვეყოფისკენ. ასევე, უზრუნველყოს მოსამართლეების შერჩევა გამჭვირვალედ, მათი დამსახურებიდან გამომდინარე და შეცვალოს მოსამართლეებისთვის 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის სისტემა.
ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ ყოფილი მთავრობების ჩინოვნიკებისა და მოქმედი ოპოზიციის წევრთა დაპატიმრება შესაძლოა შეიცავდეს შერჩევითი სამართლის ნიშნებს.
ევროპარლამენტი ასევე, შეშფოთებას გამოთქვამს, რომ სასამართლო სისტემა შესაძლოა გამოყენებულ იქნას პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისთვის, რამაც შეიძლება, საქართველოს ევროპულ კურსს და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმების სფეროში ძირი გამოუთხაროს.
ევროპარლამენტი იხსენებს 2015 წლის 22 სექტემბერს ვენეციის კომისიის განცხადებას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მიიღოს შესაბამისი ზომები მსგავსი შემთხვევების აღსაკვეთად, რათა დაცული იქნეს მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებები, ფაქტები სრულად იქნას გამოძიებული კანონის შესაბამისად, ყოვეგვარი დაშინების გარეშე.
ევროპარლამენტი ულოცავს საქართველოს ინოვაციური ელექტრონული შესყიდვის სისტემის დანრგვას, რომელმაც საგრძნობლად გაზარდა გამჭვირვალობა, ეფექტიანობა და ანგარიშვალდებულობა, რაც ძირითადი ფაქტორებია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მასალის გამოყენების პირობები






