თბილისის საკრებულოს ოპოზიციამ მერიას დედაქალაქში სატრანსპორტო პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივები წარუდგინა. შესაბამისი წერილი თბილისის მთავრობაში ოპოზიციის წევრებმა დღეს მიიტანეს.
მათი თქმით, დოკუმენტში ასევე საუბარია სხვადასხვა სამსახურებში დასაქმებული პირების ანაზღაურების გაზრდის მექანიზმზე.
„ვაპირებთ, რომ ყოველკვირეულად მივიწვიოთ მერიის ხელმძღვანელი პირები ფრაქციის სხდომაზე და მოვთხოვოთ პასუხი იმ პრობლემებზე, რომელიც დედაქალაქში თავად შექმნეს. ასევე მოვთხოვოთ პასუხი იმ დაუხარჯავ თანხებზე, რომლის დახარჯვასაც ამდენი პრობლემის მიუხედავად ვერ ახერხებენ. 30 მილიონი არის დიდი თანხა, რომლის მეშვეობითაც გასულ წელს ბევრი პრობლემის მოგვარება შეიძლებოდა, ახლა ამ თანხით შესაძლებელია ავტობუსების პარკის განახლება და დაბალანაზღუარებადი ადამიანებისთვის შრომის ანაზღაურების გაზრდა“, - განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ.
თბილისის მერს ოპოზიციის ინიციატივების გათვალისწინებას ურჩევს სევდია უგრეხელიძეც.
"ყოყლოჩინობა და მამლაყინწური გამონათქვამები უნდა შეწყვიტოს ეს ხალხის ხმა არის,"- აცხადებს უგრეხელიძე.
მათი ინფორმაციით, ინიციატივები სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად თბილისის მერს აქამდეც შესთავაზეს, თუმცა ნარმანიამ ეს არ გაითვალისწინა.
მასალის გამოყენების პირობები






