28 იანვარს ქვემო ქართლში, გარდაბნის გამგებლის არჩევნები ტარდება. რა მოლოდინი აქვს ,,ნაციონალურ მოძრაობას“ და რატომ ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში პოლიტიკაში ნაკლებად აქტიური, თავდაცვისა და განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი. ყოფილი მინისტრი ,,ნიუპოსტთან“ საუბარში ეჭვს გამოთქვამს, რომ დავით კირკიტაძის ძმის დაკავება ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო ზეწოლის ნაწილია. შაშკინი გერიონში სუს-ის ზედმეტ აქტიურობაზეც მიუთითებს და ეთნიკური აზერბაიჯანლებით დასახლებულ რაიონში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში მისი ჩართვის მიზეზებსაც განმარტავს.
_28 იანვარს ჩატარდება გარდაბნის რაიონის გამგებლის არჩევნები. რეალურად მონაწილეობას იღებს მხოლოდ ორი პარტია - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. რომ გადახედოთ „ქართული ოცნების“ საიტებს, მათ ხარდამჭერებს, ნახავთ, რომ ძალიან შფოთავენ, რადგან თურმე „ნაციონალური მოძრაობის“ ფეისები ჩაერთენ ამ კამპანიაში.
_შეიძლება ითქვას, აქ ყოფილი და მოქმედი ხელისუფლება ერკინება ერთმანეთს...
_არის ორი კანდიდატი - ბესო კახაბრიშვილი, ენმ-ს კანდიდატი. მთელი თავისი ცხოვრება გარდაბანში ცხოვრობს და მუშაობს. „ქართული ოცნების“ კანდიდატი ჯამარაული, კალაძის კანდიდატია.
_განწყობა როგორია მოსახლეობაში? ფიქრობთ, რომ ნაციონალური მოძრაობა შეძლებს ნდობის მოპოვებას?
_თვითონ გარდაბანში რთული ვითარებაა ძალიან. 3 წელია იქ არავის არაფერი გაუკეთებია. სოფელ აქტაკლეაში არის 5 სართულიანი კორპუსები, სადაც მშრომელი ხალხი ცხოვრობს. რამდენიმე ხნის წინ მათ კანალიზაცია გაუფუჭდათ. იმის ნაცვლად, რომ ადგილობრივ ხელისუფლბას პრობლემა მოეგვარებინათ, ამის ნაცვლად გადაუჭრეს კანალიზაცია და გაუშვეს სარდაფებში. ბუნებრივია, ეს საცავიც აივსო. ამ ხალხმა მეორედ მიმართა გამგეობას და რა გააკეთეს მათ? გამოანგრიეს სარდაფის კედელი და კანალიზაცია გამოდის ეზოში, სადაც ბავშვები თამაშობენ.
მეორე მაგალითი - ქალაქ გარდაბანში ასევე დგას კორპუსები, სადაც ასევე კანალიზაციის პრობლემაა. თურმე გამგეობას დაავიწყდა, რომ როდესაც კანალიზაცია გაგყავს მას უნდა ზემოდან გადაფარვა. წარმოიდგინეთ 21-ე საუკუნეში კორპუსის გვერდზე გაგიკეთონ აუზი, სადაც ჩადის კანალიზაცია. ეს არის ის რეალობა, რაც გარდაბანშია. იქ ადგილობრივი ხელისუფლება არ არსებობს. მოსახლეობა პოზიტიურად გვხვდება ჩვენ და ეს გასაკვირი არც არის. ჩვენ ამ ხალხში ვასოცირდებით საქმის გამკეთებლებად.
ამ საყოფაცხოვრებო პრობლემას დაემატა გაზრდილი კრიმინალი. როდესაც მოსახლეობას ვხვდებით, ჩვენ მათ ერთ კითხვას ვუსვამთ - უკვე 4 წელია ახალი ხელისუფლება და დამისახელეთ ერთი, რამ რაც მათ გაგიკეთეს. პირადად მე 30 შეხვედრა ჩავატარე და ერთი საკითხიც ვერ დამისახელეს, რომელიც ამ წლებში მოგვარდა. სამწუხაროა ისიც, რომ ახალი ხელისუფლება იყენებს სუს-ის თანამშრომლებს დაშინებისთვის. მიმდინარეობს მოსახლეობის დაშინება სუს-ის მეშვეობით. ბოლოსდაბოლოს საარჩევნო შტაბის უფროსის დავით კირკიტაძის ძმა დაკავებულია, როგორც მძევალი და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, როგორი საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს.
- ფიქრობთ, რომ ეს დაკავება საარჩევნო კამპანიას უკავშირდება?
- დათო კირკიტაძის ძმა დააკავეს ზუსტად იმ დღეს, როდესაც შტაბის პირველი სხდომა შედგა. იგი დააკავეს ბრალდებით, რომელიც ორ თვიან წინასწარ პატიმრობას არ ითვალისწინებს. ადამიანი მოვიდა სახლში, ავტოფარეხის წინ მანქანა დახვდა, სურდა პატრონი გამოცხადებულიყო ადგილზე, რადგან საკუთარი ავტომობილი ვერ შეჰყავდა. ეს ადამიანი ჩამოვიდა, მათ შორის მოხდა კონფლიქტი, სიტყვიერი დაპირისპირება, იქვე გამოცხადდა პოლიცია. აშკარად იყო კონფლიქტის პროვოცირება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არავინ დაზიანებულა, თუმცა დააკავეს კირკიტაძის ძმა. მოვიყვან ერთ მაგალითსაც - დეპუტატ ბეჟაშვილს აეროპორტში მიეპარა ვიღაც და ჩაარტყა. იქვე ატყდა ჩხუბი. ეს საქმე სასამართლომდეც კი არ მიიყვანეს.
აზერბაიჯანელები მუდმივად ატარებენ პრესკონფერენციას და ამბობენ, რომ სუსი მათზე მუდმივად ახდენს ზეწოლას. თუმცა ისინი დანებებას არ აპირებენ, რადგან ეს აბსოლუტურად სხვა ქვემო ქართლია. ეს არ არის ის ხალხი, რომელსაც აშინებდნენ მამალაძის დროს. ისინი თვლიან, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ეკუთვნით მათ.
პრინციპს დაუკვირდით, როგორ აირჩა გარდაბანში ჩვენი და „ქართული ოცნების“ კანდიდატი. ჩვენ ავირჩიეთ ადამიანი, რომელიც იქ ცხოვრობს და იქ შრომობს. მათ აირჩიეს ცნობილი ფეხბურთელი, რომელიც კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კარგი გამგებელი იქნება. მან არ იცის ამ ხალხის სპეციფიკა, იგი დიდი ხანია სხვა ცხოვრებას ეწევა. ის ეწევა არა სოფლის მოსახლის ცხოვრებას. აქედან გამომდინარე ჩვენს კანდიდატს ადგილობრივები კარგად განწყობილები ხვდებიან.
_თუ ადგილი აქვს უკვე ზეწოლას მოსახლეობაში, როგორც თქვენ საუბრობდით, როგორ აპირებთ ხმების დაცვას?
ჩვენ დავიცავთ უბნებს, რადგან ჩვენ ვხედავთ რა პროვოკაციებს აქვს იქ ადგილი. გარდა სუს-ის და პროკურატურისა იქ არის ადგილობრივი ხელისუფლება, რომელსაც ბევრი რამ აქვს დასაკარგი. ისინი 3 წლის განმავლობაში ჭამდნენ რაიონს და ეხლაც ესმით, რომ თუ წააგეს, ასე ვერ გაგრძელდება. სოფელი ჯანდარას სათავეში ჰყავს თავზეხელაღებული ადამიანი. ის არჩევნებს უყურებს, როგორც თავისი კეთილდღეობის გაგრძელების მომენტს. ამიტომ იქნება მძიმე არჩევნები, მაგრამ დარწმუნებული ვარ ხალხის მხარდაჭერით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
- თქვენ პოლიტიკური აქტივობებით არ გამოირჩევით, რატომ გამოჩნდით გარდაბანში?
- იმიტომ, რომ ჩემი განათლების მინისტრობის პერიოდში განხორციელდა ორი პროგრამა, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეთნიკურად აზრებაიჯანელების ინტეგრაციისთვის საქართველოში. სანამ ეს პროგრამა დავიწყეთ, ეთნიკური აზერბაიჯანელი საქართველოს უნივერსიტეტებში იყო სულ 12, ამ პროგრამის განხორციელების შემდეგ უნივერსიტეტებში 3 ათასზე ეთნიკურად აზერბაიჯანელი სწავლობს. მეორე პროგრამა იყო, როდესაც მოხალისე პედაგოგები გავაგზავნეთ, რომ აზერბაიჯანელებისთვის ქართული ესწავლათ. სამწუხაროდ, ეს პროგრამა ჰაერს ყლაპავს, რადგან 500 მასწავლებლისგან ასზე ნაკლები დარჩა. გაირკვა, რომ ეს სანიკიძის პრიორიტეტებში არ შედის, მაგრამ ეს ყველაფერი ამ ხალხმა კარგად დაინახა. მათ ნახეს, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში შეიქმნა პირობა, რომ მათი შვილები სრულყოფილი წევრები გამხდარიყვნენ ქართული საზოგადოების. ძალიან ბევრი სკოლა ავაშენეთ და გავარემონტეთ იქ. ეს ხალხი ამ ყველაფერს აფასებს. ისინი ხედავენ საქართველოს, როგორც თავის სამშობლოს. სანამ ეს ასეა, ვერანაირი რუსული სპეცსამსახურის ბოროტი გეგმები იქ ვერ განხოირციელდება.
მასალის გამოყენების პირობები






