მუსიკისმცოდნე მზია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ოპერის თეატრის გახსნასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და რამდენიმე კითხვით კულტურის სამინისტროს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელობას მიმართავს:
„კიდევ ერთი SOS!!!
შეკითხვა კულტურის სამინისტროს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელობას!
ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ და დავით თორაძის ბალეტ „გორდას“ აფიშებზე რატომღაც ვკითხულობთ:
Shtate Opera of Georgia და Shtate Ballet of Georgia (?!).
მაინტერესებს, სათაური: „თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი“ ვინმემ შეცვალა? კულტურის სამინისტრომ გამოსცა რაიმე ახალი დადგენილება, რომელიც ჩვენ არ ვიცით? რა ხდება? რატომ გაქრა სიტყვები _ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის, ეროვნული, აკადემიური?!
შეგახსენებთ, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი _ ესაა თბილისის სახელმწიფო აკადემიური თეატრი. ეს იმიტომ, რომ ოპერის თეატრი არსებობს, აგრეთვე, ქუთაისში, ბათუმში. ეს, მგონი იცით, არა? და თუ არ იცით, ეგ სხვა საკითხია. ასევეა ყველა სხვა ქვეყანაში, სადაც რამდენიმე საოპერო თეატრია. ამის საუკეთესო მაგალითია იტალია, ოპერის სამშობლო, სადაც არსებობს მილანის ლა სკალას, ნეაპოლის ლა ფენიჩეს და მრავალი სხვა საოპერო თეატრი. ჩვენ რა ექსპერიმენტები აგვიტყდა, როდესაც ქართულ ოპერასა თუ ბალეტს, და საზოგადოდ, ქართულ მუსიკალურ კულტურას, უამრავი სხვა პრობლემა ახვევია თავს?
გარდა ამისა, გეკითხებით _ ვინმემ გაყო, განაცალკევა ბალეტი და ოპერა, ასე ცალ-ცალკე რომ მოიხსენიება აფიშებში?
რაც შეეხება ზაქარია ფალიაშვილის სახელობას, ზოგიერთს რომ ეჩოთირება (ეს დღეს დაწყებული ამბავი არაა), აქაოდა არცერთ ქვეყანაში ასე არ არისო. მინდა მოგახსენოთ, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი არ არის გამონაკლისი, არის როსინის, პერგოლეზის, დონიცეტის სახელობის ოპერის თეატრები და ა.შ. სია დიდია, აღარ გავაგრძელებ. მინდა ისიც გითხრათ, რომ იტალიურ ოპერას და იტალიელ კომპოზიტორებს პოპულარიზაცია არ აკლიათ, ისინი უკვე დიდი ხანია პოპულარულნი არიან. ქართულ მუსიკას და ზაქარია ფალიაშვილს კი პოპულარიზაცია, ნამდვილად, ესაჭიროება. ისე, ცნობისათვის, „აბესალომი“ სადაც კი დაუდგამთ, ყველგან, ყველგან (!!!) რიგითი მსმენელი, მელომანები თუ პროფესიული მუსიკოსები აღფრთოვანებული დაუტოვებია. ჩვენი მუსიკალური საგანმანათლებლო სისტემა კი ისეთ დღეშია, ვაითუ, მალე, ახალმა თაობამ ისიც იკითხოს _ ვინაა ეს ზაქარია ფალიაშვილიო! შეგახსენებთ იმასაც, რომ ორიოდე წლის წინ ამერიკელი მუსიკოსები სპეციალურად ჩამოვიდნენ თბილისში, ეწვივნენ ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს, რათა კომპოზიტორის ხელნაწერები ეხილათ. აღფრთოვენებულებმა ზაქარიას ლიტურგიის ნოტები თან წაიღეს და შეასრულეს კიდევაც. ჩვენდა სასიხარულოდ დიდი წარმატებით და ჩვენდა სამარცხვინოთ ეს ამ ნაწარმოების პირველი შესრულება იყო! თუკი მავანსა და მავანს ზაქარია ფალიაშვილი და მისი „აბესალომი“ არ მოსწონს, ეს მისი პრობლემაა, მისი ნებაა ჰქონდეს ასეთი გემოვნება, ვიღაცას დებიუსი და ვაგნერიც არ მოსწონს და არავინ ერჩის. ეს შეგვიძლია მშვიდად მოვისმინოთ და მის „გასაჭირად“ მივიჩნიოთ და არა „ქვეყნის გასაჭირად“. მაგრამ, როდესაც ასეთი კარდინალური საკითხი კულტურის სამინისტრომ და ოპერის თეატრის ხელმძღვანელობამ არ იცის, ან ყურს მიღმა ტოვებს, ეს უკვე _ ქვეყნის გასაჭირია! (ისე კი, დრო და დრო ზაქარია ფალიაშვილს და მის „აბესალომსაც“ ებრძოდნენ, მაგრამ დრომ ყველას თავისი ადგილი მიუჩინა!).
ეგებ დაანებოთ თავი ექსპერიმენტებს და მიხედოთ ქართულ მუსიკალურ კულტურას, ქართულ საკომპოზიტორო სკოლას, რომელიც დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია, მიხედოთ საშემსრულებლო სკოლას და იფიქროთ იმაზე, რომ ცოტა ხანში ოდნავ ნიჭიერი შემსრულებელიც კი აღარ შემოგვრჩება ქვეყანაში, სხვა ქვეყნებშის კულტურას მოემსახურებიან, რადგან იქ ექნებათ ჯეროვანი დაფასება.
P.S. რადგან ამ საკითხებს უკვე ორი „პოსტი“ მივუძღვენი და ვინმემ მიკერძოებაში, ან კიდევ სამხატვრო ხელმძღვანელის მტრობაში რომ არ ჩამომართვას, ვიტყვი, დავით კინწურაშვილს თბილისში ჩამოსვლისთანავე და ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის საპატიო პოსტის დაკავებისთანავე ვრცელი წერილი მივუძღვენი ჟურნალ „მუსიკაში“, ხოლო შემდეგ მე და მუსიკისმცოდნე რუსუდან ქუთათელაძემ მისი მხარდამჭერი ასევე ვრცელი წერილი გამოვაქვეყნეთ“-წერს მზია ჯაფარიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

მასალის გამოყენების პირობები






