საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება, უკრაინულ "Главком"-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეობა უკრაინაში დასაქმებულ სხვა ქართველებსაც ჩამოერთმევა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ჩამოერთმევათ თუ არა მოქალაქეობა უკრაინაში ხელისუფლებაში მყოფი სხვა ქართველებსაც, ელჩმა უპასუხა - "აუცილებლად".
"საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ წერია, რომ საქართველოს მოქალაქეს არ შეუძლია, იმავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქე იყოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა სახელმწიფოს წინაშე არსებული დამსახურების გამო ენიჭება. მოქალაქეობის შეწყვეტის და მიღების პროცედურები გაწერილია კანონში "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ", სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეობას კარგავს პირი, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქე ხდება.
ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებაში საქმე გვაქვს კონსტიტუციისა და კანონის ნორმების აღსრულებასთან. გუბერნატორად მისი დანიშვნის შემდეგ ჩვენ უკრაინულ მხარეს მივმართეთ და მათ შეგვატყობინეს, რომ მან მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რის შემდეგაც მას შეუწყვიტეს საქართველოს მოქალაქეობა. ახლა იგივე პროცედურა მიმდინარეობს სხვა პირებთან მიმართებაში", - განაცხადა უკლებამ.
ამასთან უკება აღნიშნავს, რომ თუ ეს პირები მომავალში თხოვნით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, იგი აუცილებლად განიხილავს მათთვის მოქალაქეობის დაბრუნების საკითხს.
მასალის გამოყენების პირობები






