თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლისა და აგრუნის ბიზნეს ფაკულტეტის დეკანის გიგა ბედინეიშვილის თქმით, „გაზპრომს“ არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ჩვეულებრივი გაზის კორპორაცია, რადგან მისი მეშვეობიტ რუსეთი მომავალში პოლიტიკური და ფინანსური დივიდენდების მიღებას შეეცდება:
გაზპრომი არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც ჩვეულებრივი გაზის კორპორაცია, რომელსაც მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით უნდა შევხედოთ. „გაზპრომმა“ იაფადაც რომ შემოგვთავაზოს გაზი ეს ნიშნავს, რომ ცდილობს ანკესზე წამოგვაგოს, იმისთვის, რომ მერე გრძელ ვადაში ჩვენგან პოლიტიკური და ფინანსური დივიდენდები მიიღოს. ასეთ ურთიერთობაში „გაზპრომთან“ მე პირადად ამ მთავრობას არ ვენდობი“- განაცხადა ბედინეიშვილმა "კურიერთან" საუბრისას.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან თარხნიშვილის თქმით აღნიშნული აქციის მიზანი არის ის, რომ მთავრობას „გაზპრომთან“ დაკავშირებით სახიფათო ნაბიჯების გადადგმა გადააფიქრებინონ:
„ჩვენ ვიყენებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ ხერხებს, რომ ვაიძულოთ მთავრობა უპასუხოს იმ კითხვებს რომელიც არსებობს და ამასთანავე გადაიფიქროს იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც სერიოზულ ზიანს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას“- განაცხადა თარხნიშვილმა.
„საქართველოს დიპლომატთა კლუბის“ წევრის სალომე სამადაშვილის თქმით საქართველოში „გაზპრომის“ შემოშვება ნიშნავს, რომ საქართველო ხელს აწერს საკუთარი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის რუსეთისთვის ჩაბარებას:
„ეს არის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, ჩვენ ვერ გავიგეთ ვერანაირი ახსნა, რატომაა საჭირო „გაზპრომის“ დაბრუნება ქართულ ბაზარზე.“- განაცხადა სამადაშვილმა.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ დამფუძნებლის ნიკა რურუას თქმით აღნიშნულ ვითარებაში გადამწყვეტი საზოგადოების პოზიციაა და სწორედ საზოგადოებამ უნდა უთხრას უარი ხელისუფლებას ამ სახიფატო ქმედებას:
„გაზპრომის“ შემოსვლით იხეირებს სამი ადამიანი ვინც ამ მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს და დაზარალდება ხუთი მილიონი ქართველი, ანუ მთელი საქართველო. ამიტომ ეს არის სრულიად დაუშვებელი და საზოგადოების პოზიცია არის გადამწყვეტი. საზოგადოება თუ იტყვის, რომ არ გვინდა, ეს არაკეთილგონიერია და არ შეიძლება, ხელისუფლება უკან დაიხევს და ჩვენ მათ დავახევინებთ“- განაცხადა ნიკა რურუამ.
მასალის გამოყენების პირობები






