ამასთან დაკავშირებით თავს უფლებას მივცემთ, განვაცხადოთ შემდეგი:
1. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში 2014 წლის 28 მაისს გამართულ და აგვისტოს ომისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო ომი, არც განიხილებოდა ამ საკითხის აპრიორული და აქსიომატური სიცხადის გამო (ომი დაიწყო რუსეთმა, რაც არ ექვემდებარება არავითარ დისკუსიას). კონფერენციის თემატიკა, მოხსენებების შინაარსი და, ზოგადად, კონფერენციაზე წარმართული დისკუსიის შინაგანი ლოგიკა არ შეესაბამება ინტერვიუს არც სათაურს და არც შინაარსს.
2. ინტერვიუში ბატონმა ალ. დაუშვილმა მოიტანა კონფერენციაზე წარდგენილი ჩვენი მოხსენებიდან ორი დებულება - დებულება დიპლომატის დეფიციტის შესახებ და 2008 წლის აპრილ-ივლისში საქართველოს დასავლელი მოკავშირეების მიერ გამოჩენილი არასათანადო სიფხიზლის შესახებ, რამაც თავიდან ვერ აგვაცილა აგვისტოს ომი. აღვნიშნავთ, რომ ორივე ეს დებულება, სხვა დებულებებთან ერთად, ფიგურირებს ჩვენს მოხსენებაში, მაგრამ აღნიშნულ ინტერვიუში ისინი ბატონ რესპონდენტის მიერ მოქცეულია სხვა კონტექსტუალურ ჩარჩოში, თითქოსდა ორივე ეს ფაქტორი განეპირობებინოს საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების კურსს. არადა, ეს ასე ნამდვილად არ არის: დიპლომატიის დეფიციტი და პრევენტული მექანიზმების უმოქმედობა განაპირობა რუსეთის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ და რუსეთ-სეპარატისტების ალიანსის დიპლომატიურმა ობსტრუქციამ. რაც შეეხება მოსაზრებას აგვისტოს ომის წინა პერიოდში დასავლეთის მიერ გამოჩენილი გარკვეული ინდიფერენტობის შესახებ, ეს მოსაზრება ეკუთვნის საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას და პირადად ბატონ სააკაშვილს (რაც სრული სიმართლეა).
ამდენად, ზემოთხსენებული ინტერვიუ ერთბაშად წარმოადგენს როგორც ფალსიფიკაციას (კონფერენციის შინაარსის გაყალბების კუთხით), ისევე წმინდა წყლის ინსინუაციას (კონფერენციის მონაწილეთა მიმართ ცილისწამების კუთხით).
ამასთან ერთად, გვინდა განვაცხადოთ შემდეგი:
ა) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის თემატიკა მრავალგანზომილებიანი პრობლემაა. აგვისტოს ომის დისკურსი არსებითად რთული, სინთეტური დისკურსია და შეიცავს სხვადასხვა თვალსაზრისებს და პლურალისტურ პლასტებს. მაგრამ აზრთა სხვადასხვაობისა და კონცეპტუალური ნაკადების სიმრავლის მიუხედავად, აბსოლუტურად ცხადი და შეურყეველია მთავარი კონცეპტი - ომი დაიწყო რუსეთმა, რომელმაც განახორციელა სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია, ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია და ფაქტობრივი სამხედრო ანექსია.
ბ) „მოსაზრება“, თითქოს ომი დაიწყო საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილების საფუძველზე, არც სამეცნიერო აზრია, არც გარკვეული პოზიციაა და, სხვათაშორის, არც ყბადაღებული „პრაგმატული პოლიტიკის“ კომპონენტი; ეს არის უაღრესად ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია და პირდაპირი სახელმწიფო დანაშაული, რამეთუ ის ქმნის ერთგვარ პლატფორმას ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების „კოსოვიზაციისა“ და აგვისტოს ომის შედეგების საერთაშორისო ლეგიტიმაციისათვის, რაც არაფრის დიდებით არ უნდა დავუშვათ.
დაზმირ ჯოჯუა
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,
მოძრაობა ,,დაბრუნების“ წევრი
მასალის გამოყენების პირობები






