ბოლო ხანებში გაზპრომის წარმომადგენლებთან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ღია თუ ფარულმა მოლაპარაკებებმა ადგილობრივი და საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია, გაურკვევლობა და კითხვები გააჩინა. ერთი შეხედვით ტექნიკურმა საკითხმა გეოპოლიტიკური დატვირთვა მიიღო. რეალურად რასთან გვაქვს საქმე?
რუსეთის მცდელობასთან მოახდინოს საქართველოს ეკონომიკის სრული ოკუპაცია. რა თქმა უნდა აღნიშნული მოლაპარაკებები არ არის გადამწყვეტი რაუნდი, მაგრამ რუსულ გეგმაში მნიშვნელოვანი რგოლია.
მსოფლიოში ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები ისე განვითარდნენ, რომ დღეს როგორც არასდროს საქართველომ შეიძინა თავისი გეოსტრატეგიული დანიშნულება. ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ენერგეტიკულ თუ სატრასპორტო პროექტებში საქართველო ფიგურირებს, როგორც სრულფასოვანი მონაწილე. ძირითადად ეს ის სატრანსპორტო დერეფნებია, რომლებიც რუსეთის გვერდის ავლით ფუნქციონირებენ და მის გეოპოლიტიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგებიან, ჩვენთვის კი ეკონომიკური და საგარეო უსაფრთხოების გარანტს წარმოადგენენ. საქმე გვაქვს რუსეთ - საქართველოს ინტერესთა შეუთავსებლობასთან, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ფარგლებს გასცდა და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობა შეიძინა. ამიტომ, ბუნებრივია საკითხისადმი საერთაშორისო ინტერესი.
მაგრამ ამ ისტორიაში დამაფიქრებელი დეტალია, ის რომ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ძირითადი აქცენტი კეთდება არა რუსეთზე, არამედ ჩვენი ხელისუფლების, კონკრეტულად კი, ენერგეტიკის მინისტრის განცხადებებზე, რომლებიც ჩემი აზრით პოლიტიკურად არაადექვატური და ქვეყნისთვის ზიანის მომტანია.
სიტყვით ევროპისკენ საქმით რუსეთისკენ, ლოგიკა ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის.
ენერგეტიკის მინისტრმა ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საუბარია მხოლოდ ტრანზიტის ტარიფზე და დეფიციტის შევსებაზე. რა არის აქ ქვეყნისთვის თქვენი აზრით საზიანო?
თუ ბატონი მინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების ყველა განცხადებებს გავიხსენებთ დავინახავთ, რომ გაკეთდა ისეთი გზავნილები, რომლებზეც ეროვნული უსაფრთხოების კუთხით შეუძლებელია კითხვები არ გაჩენილიყო.
თუ გახსოვთ თავდაპირველად გაცხადდა, რომ გაზპრომთან მოლაპარაკება მოემსახურებოდა ქვეყნის ენერგეტიკულ დივერსიფიკაციას, ანუ აზერბაიჯანის ალტერნატივად ხელისუფლებამ რუსეთი განიხილა.
ამას ბუნებრივია აზერბაიჯანულ მხარის უარყოფითი რეაქცია მოყვა, რადგან გამოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აზერბაიჯანის, როგორც სანდო პარტნიორის და გაზის ძირითადი მომწოდებლის როლი ეჭვის ქვეშ დააყენა. ქართული საზოგადოების ნაწილმა კი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის მტერი სახელმწიფოთი ჩანაცვლების საფრთხე დაინახა ეს ერთი და მეორეც, ჩვენს მოსახლეობას მწარედ ახსოვს 2006 წელს რუსეთთან ენერგეტიკული ომი.
შემდეგ ითქვა, რომ უბრალოდ აზერბაიჯანს არ აქვს შესაძლებლობა დამატებით მოგვაწოდოს გაზი, ერთერთ საბუთად კი აზერბაიჯანის მიერ რუსული გაზის იმპორტი დასახელდა. ამ განცხადებით ჩვენმა ხელისუფლებამ აზერბაიჯანი, ახლა უკვე ევროპისთვის, როგორც სტაბილური და გრძელვადიანი პარტნიორი გახადა საეჭვო. სწორედ აღნიშნულზე რეაქცია იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება, რომ აზერბაიჯანს 100 წლის შემდეგაც შეუძლია უზრუნველყოს, არა მარტო საკუთარი, არამედ მეზობელი ქვეყნებისა და ევროპის მომარაგება ბუნებრივი აირით.
პერმენენტულად სოკარის ცენტრალური თუ საქართველოს ოფისის მაღალი რანგის პირები არგუმენტირებულად ასაბუთებენ და პირობას დებენ, რომ საქართველოს ბუნებრივ აირზე დამატებითი მოთხოვნა პრობლემის გარეშე დაკმაყოფილდება.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის სახელმწიფო როგორც წესი საკუთარი მოხმარებისთვის რუსული გაზის იმპორტს არ ახდენს. ხოლო, რასაც ჩვენთან რუსული გაზის იმპორტი დაერქვა, საუბარია გაზპრომსა და აზერბაიჯანული კერძო კომპანია azmeco-ს შორის კონტრაქტზე, გამოწვეული იყო არა აზერბაიჯანული გაზის დეფიციტით, არამედ ტექნიკური მიზეზებით.
საყურადღებოა ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ექსპერტის მოსაზრება, რომ მთავრობის ასეთი პოლიტიკა დააზიანებს ამერიკა საქართველოს ურთიერთობებს, დაასუსტებს საქართველოს რუსეთთან მიმართებაში და რაც დამაფიქრებელია, ამგვარი ქმედება გამომდინარეობს პირადი და არა საზოგადოებრივი ინტერესებიდან. გასაგებია, რომ ასეთი ტიპის განცხადება ჰაერიდან მოტანილი ვერ იქნება და ავტორს შესაბამისი საფუძველიც ექნებოდა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭო არის კონგრესის მთავარი მრჩეველი და მის დასკვნებზე ბევრად არის დამოკიდებული თუ როგორი იქნება ამერიკის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში.
მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ მოხდა პრინციპული შეთანხმება, გაზპრომის ქართულ ენერგეტიკულ ბაზარზე გაფართოებისა და მისთვის საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციათა პაკეტის სულ მცირე 25% მიყიდვის თაობაზე. თქვენი აზრით რამდენად შესაძლებელია ამ ინფორმაციას ქონდეს საფუძველი?
რუსეთის სტრატეგიული მიზანი, რომ საქართველოზე გავლენის აღდგენაა სიახლეს არ წარმოადგენს. ის, რაც სამხედრო ძალამ ვერ შეძლო, ეკონომიკურმა ექსპანსიამ უნდა მოახერხოს. ამიტომ რუსეთი გეგმაზომიერად იკიდებს ფეხს ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორიცაა, ენერგეტიკა, რკინიგზა, ელექტროსისტემა, პორტები. ეს პროცესი წინა ხელისუფლებების დროს დაიწყო და დღესაც გრძელდება. თუ ამას დავუმატებთ დღევანდელი ხელისუფლების რუსეთთან ლოიალურ პოლიტიკას დავინახავთ, რომ გამორიცხული არაფერია.
მთავარია ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარება.
თქვენი აზრით როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რა არის საჭირო იმისთვის, რომ როგორც თქვენ ამბობთ ქვეყნის ეკონომიკურიმ უსაფრთხოება დაცული იყოს. რა ბერკეტები არსებობს რუსული ფაქტორის გასანეიტრალებლად?
მეზობელი სომხეთია ნათელი მაგალითი, თუ სად შეიძლება საქართველომ ამოყოს თავი რუსეთთან ღია კარის პოლიტიკით. პასუხი ცალსახაა, რუსულ მარყუჟში. სომხეთმა დიდსულოვნად დაუთმო რუსეთს რკინიგზა, მილსადენები, ელექტროსისტემა და რა მიიღო. როგორც იცით მუშავდებოდა ირანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირების პროექტი სომხეთისა და საქართველოს გავლით, რომელიც რუსეთმა ჩაშალა. სხვათაშორის, როცა საუბრობენ ირანული გაზის საქართველოში იმპორტზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოლაპარაკებები არა სომხებთან არამედ რუსებთან მოგვიწევს, რადგან სომხეთზე გამავალი მილსადენი გაზპრომს ეკუთვნის. ანალოგიურად მოიქცა რუსეთი, როცა სომხეთმა გადაწყვიტა ირანთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა. ორივე შემთხვევაში სომხეთის მცდელობა გახდარიყო სატრანზიტო ქვეყანა და რუსეთისაგან დამოუკიდებლად ემოქმედა, უშედეგოდ დასრულდა. ასეთი სტრატეგიული პარტნიორია რუსეთი.
თუ მთავრობა ფიქრობს, რომ გაზპრომთან დაკავშირებულ ეპოპეას წერტილი დაესვა და ყველაფერი გარკვეულია, ცდება. საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ კანონით ხელშეკრულების დადებას, რომელიც ეხება ჩვენი ტერიტორიის გამოყენებას, აუცილებელია წინ უძღოდეს საქართველოს პარლამენტის რეკომენდაციები. ამიტომ პარლამენტი და მთავრობა ვალდებულია კანონის მოთხოვნა შეასრულოს.
ეკონომიკური უსაფრთხოების კრიტერიუმით უნდა გაიზომოს ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობა.
საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა რკინიგზის, ენერგეტიკული სექტორის, სტრატეგიული დანიშნულების ინფრასტრუქტურის გასხვისება სავალდებულო გახდება პარლამენტის თანხმობა.
ჩვენ უნდა გავიზიაროთ ამერიკის გამოცდილება და შევქმნათ საგარეო ინვესტიციების სახელმწიფო კომიტეტი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების კუთხით გააკონტროლებს უცხოური კაპიტალის, მათ შორის რუსულის საქართველოში დაბანდებას ე.წ. კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში, რაშიც იგულისხმობა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მატერიალური თუ სხვა სახის ქონება და სისტემები.
მასალის გამოყენების პირობები






