პარლამენტში დღეს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით შსს-ს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს გაეცნენ.
კანონმდებლებმა შეხვედრები უწყების წარმომადგენლებთან დახურულ კარს მიღმა გამართეს. როგორც ცნობილია, კანონპროექტთან დაკავშირებით დეპუტატებს გარკვეული შენიშვნები აქვთ.
აღნიშნულის გამო კანონმდებლების ინფორმაციით, კანონის ამოქმედება სავარაუდოდ, გადაიწევს.
ამის მიზეზად უმრავლესობის დეპუტატი ნოდარ ებანოიძე იმ ფაქტს ასახელებს, რომ კანონპროექტის გაჟღერებისთანავე ავტოიმპორტიორებს გარკვეული ზიანი მიადგათ.
„როგორც ჩანს ვადები გადაიწევს, ვიდრე ეს წინასწარ იყო დაანონსებული ანუ კანონი ძალში სავარაუდოდ, არა მარტიდან, არამედ წლის მეორე ნახევრიდან შევა. ამ ბიზნესით დაკავებული არის ძალიან ბევრი კომპანია. ჩვენ ვთქვით, რომ უნდა იყოს ვადები, რომელიც პრობლემას არ შეუქმნის ბიზნესმენებს", - ამბობს ებანოიძე.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა და აღნიშნა, რომ კანონის ამოქმედების ვადა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პერიოდში განიხილავს კანონპროექტს პარლამენტი.
„პირველი მარტიდან კანონპროექტის ამოქმედება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ვადაში განიხილავს ამ კანონპროექტს პარლამენტი. პარლამწენტის განხილვა საჯაროა და ყველა ნახავს რა როგორ იქნება - შეიცვლება თუ არა ვადები“, - ამბობს ხუციშვილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სამთავრობო უწყებებთან ერთად შემუშავებული პროექტის მიხედვით 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი უნდა შეიზღუდოს.
მასალის გამოყენების პირობები






