„თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაცით, ხელისუფლების მხრიდან გაზის მოწოდების საკითხებთან დაკავშირებით თვეების განმავლობაში საზოგადოებისთვის ინფორმაციის დაფარვა ხდება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბუკა პეტრიაშვილმა განაცხადა, ეს ბადებს სერიოზულ ეჭვს, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების წარმოება ემსახურება არა სახელმწიფო, არამედ კერძო ინტერესების განხორციელებას.
„ეს შესაძლოა წარმოადგენდეს ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის სერიოზულ საფერთხეს. ეს მოლაპარაკებები განსაკუთრებით სახიფათოდ გვეჩვენება აზერბაიჯანული მხარის განცხადებების ფონზე, რომლის მიხედვით აზერბაიჯანს არ აქვს არავითარი პრობლემა გაზის რაოდენობასთან დაკავშირებით და მას შეუძლია საქართველოს ბუნებრივი აირი შეუფერხებლად მოწოდება, კონკრეტულად შაჰდენიზ 1 პროექტის ფარგლებში.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, კონკრეტულად კი მთავრობის მეთაურს ნუ დააყენებს საფრთხის ქვეშ არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის სტრატეგიული განვითარების მონაპოვარს. მონაპოვარს, რომელიც დაიწყო საქართველოს, აზერბაიჯანის და დასავლელი პარტნიორების სტრატეგიული შეთანხმებით და გრძელდება უკვე თითქმის ოცი წელია. მოვითხოვთ მიმართოს მაქსიმალური ძალისხმევა აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებების გზით საქართველოს სტაბილური და პოლიტიკურად უსაფრთხო გაზით მომარაგების უზრუნველსაყოფად. გახსოვდეთ, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, გაზპრომი კი ოკუპანტის ინსტრუმენტი“, - ამბობს პეტრიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






