მთავარი პროკურორი იმედოვნებს, რომ ალეკო ელისაშვილი ბოლოსდაბოლოს დაასახელებს იმ პიროვნებას, რომელმაც მას კორუფციული გარიგებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ამის შესახებ შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მე მინდა სურვილი და იმედი გამოვთქვა, რომ ალეკო ელისაშვილი ბოლოსდაბოლოს დაასახელებს იმ პიროვნებას, რომელმაც მისი თქმით, მას მიაწოდა ინფორმაცია კორუფციული გარიგებების შესახებ“, - განაცხადა შოთაძემ.
მთავარი პროკურორისთვის გაუგებარია ელისაშვილის მოთხოვნა, რომ საგამოძიებო უწყებაში მისი მისვლის ამსახველი კადრი გასაჯაროვდეს.
როგორც შოთაძე ამბობს, პროკურატურას არ აქვს რესურსი, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში არსებული კამერის ჩანაწერები შეინახოს.
„არც გიორგი ბადაშვილი და არც გიორგი გოგაძე არ უარყოფენ ესეთი შეხვედრის ფაქტს, შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია რატომ ხდება ამ ჩანაწერებით სპეკულირება. მათ დაადასტურეს, რომ შეხვედრა იყო. თუმცა ელისაშვილთან შეხვედრის დროს საუბარი არ ყოფილა შეწყალების კომისიის საქმიანობაზე და შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობაზე. ფაქტები გამოკვლეულია, თუმცა სამწუხაროდ, პროკურატურას არ აქვს იმის რესურსი, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში შეინახოს ასეულობით კამერის ჩანაწერი, რაც საკმაოდ დიდ რესურსს საჭიროებს“, - ამბობს შოთაძე.
მასალის გამოყენების პირობები






