უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს ნაჩქარევი განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებას ურჩევს.
მისი თქმით, პარლამენტის წევრობის კანდიდატები პროფესიის მიხედვით არ ფასდებიან.
„ირაკლისა და სხვებს ვურჩევდი, რომ ნაჩქარევ განცხადებებს ნუ გააკეთებენ. კანდიდატი პროფესიის მიხედვით კი არ ფასდება, არამედ ინტელექტუალური მონაცემების გათვალისწინებით. აქცენტის გაკეთება მსახიობებთან და სპორტსმენებთან დაკავშირებით რაღაც დაპირისპირების ატმოსფეროს შექმნის, რაც პოლიტიკურად სწორი არ არის. აუცილებელია, პარლამენტში იყვნენ კანონშემოქმედებითი პიროვნებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს რაიმე განსხვავებას პროფესიებს შორის. ადამიანები შერჩეული უნდა იყვნენ მათი რეიტინგით, შეხედულებებითა და ინტელექტუალური მონაცემებით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ინფორმაციით, მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნების“ რიგებში მსახიობები და სპორტსმენები არსებული სიჭარბით აღარ იქნებიან.
მასალის გამოყენების პირობები






