საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს ხელი მოაწერა.
როგორც საგანგებო ბრიფინგზე მარგველაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილებები მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოსვლას ემსახურება.
პრეზიდენტის განცხადებით, საარჩევნო რეფორმა ისევ განსახორციელებელი რჩება და დემოკრატიული იქნება ის საარჩევნო კოდექსი, რომელზეც მთელი პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდება.
"ხელი მოვაწრე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც პარლამენტიდან იყო წარმომადგენილი. ამაზე რამდენიმე განმარტება მინდა გავაკეთო. ეს ცვლილებები არანაირად არ არის ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც წლებია ვსაუბრობთ. ეს ცვლილებები განპირობებულია იმ მოთხოვნებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადგინა. შესაბამისად, ეს ტექნიკური ტიპის ცვლილებებია. რეალურად, საარჩევნო რეფორმა, რომელიც პოლიტიკურ აქტორებს შორის სრულ თანხმობას დაადგენდა, ჯერ არ გვაქვს. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ 2015 წელს მნიშვნელოვანი პროცესი წარიმართა ამ მიმართულებით. მთელი პოლიტიკური სპექტრი, როგორც ოპოზიციური პარტიები, ასევე სამთავრობო კოალიცია ჩამოყალიბდა იმ შეხედულებაზე, თუ რა არის საუკეთესო ქართული საარჩევნო სისტემის ჩამოსაყალიბებლად. პასუხი ამ თვალსაზრისით ნათელია, რომ საუკეთესოა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. განსხვავება არის ვადებში. მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მეტიც, საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს, რომ ეს ცვლილება განხორციელდეს 2016 წელსვე. განსხვავებული პოზიცია აქვს ხელისუფლებას, რომელიც ცვლილებას 2020 წელს გეგმავს. მთლად არგუმენტირებული არ არის და გაუგებარია, თუ რატომ უნდა გადავდოთ ამ რეფორმის განხორციელება. მოვუწოდებ, ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ უფრო ინტენსიური კონსულტაციების საშუალებით მივიდნენ ერთობლივ თანხმობამდე ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






