ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მედიკამენტების ხარისხის კონტროლი იზრდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხარისხის კონტროლს არა მარტო ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ლაბორატორიები განხორციელებენ.
მინისტრის თქმით, კონტროლის გამკაცრებას "სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ" დადგენილების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იქნა განხილული.
„ხარისხის კონტროლი მოიცავს გრძელ ჯაჭვს. თუ აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული და ექსპორტით შემოტანილი მედიკამენტების ერთჯერადი კონტროლი, ამჯერად ეს იქნება მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს იმ ნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებას, რომელიც შედის საწარმოში და შემდგომ მედიკამენტად გადაიქცევა. თუ აქამდე ხარისხის კონტროლი ხორციელდებოდა არჩევითად, ადგილობრივ სამხარაულის სახელობის ლაბორატორიაში, რომელიც ამაში არ არის საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი, წელს დაემატება მედიკამენტების ხარისხის საერთაშორისო ევროპულ ლაბორატორიებში გადამოწმება," - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






