პატრიარქის თქმით, საქართველოში უცენზურო გამოთქმების წახალისება და ავადმყოფური აზრების ტირაჟირება ხდება.
ამის შესახებ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.
როგორც უწმინდესი ბრძანებს, არცერთი სიტყვა უკვალოდ არ ქრება და ღვთის წინაშე თავისი მეტყველების გამო ყველა განისჯება.
„ამიტომაც წერს მათე მახარებელი: ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს, რადგან ჩვენივე სიტყვებით განვმართლდებით და ჩვენივე სიტყვებით გავმტყუნდებით (მთ.12,36).
ჩვენ კი როგორი უგულისხმონი ვართ! ფუჭ საუბარზე რომ აღარაფერი ვთქვათ ნახეთ, როგორი შემწიკვლებულია ჩვენი ბაგეები დაცინვით, რისხვით, შეურაცხყოფით, ცილისწამებით, სიცრუით, სიტყვის გატეხვით, უმადურობით, ცრუ ფიცით, წყევლით, გინებით...
,,ენა მცირე ასოა, და დიდად კი მძლავრობს; აჰა, რა მცირე ცეცხლი ბუგავს დიდ ტყეს" და ,,სავსეა მომაკვდინებელი გესლით" (იაკ.3,5, 8).
,,ენით ვაკურთხებთ ღმერთს და მამას და ენითვე ვგმობთ ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილ კაცთაც" (იაკ. 3;9). ამიტომაც, თუ ვინმეს ,,ღმრთისმოყვარე ჰგონია თავი და ლაგამს არ ამოსდებს ენას, იცოდეს, ფუჭია მისი ღვთისმოსაობა" (იაკ.1, 26).
ერთმა კაცმა სოკრატეს ჰკითხა: იცი რა უთქვამს შენზე შენს მეგობარს?
სოკრატემ კითხვა შეუბრუნა: ,,დარწმუნებული ხარ, რომ რის თქმასაც აპირებ, სიმართლეა?
- ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რადგან სხვისაგან მოვისმინე.
- რაც უნდა მითხრა, კარგი ამბავია?
- არა, პირიქით.
- ე.ი. შენ უნდა მითხრა რაღაც ცუდი, და არც იცი, ეს რეალობას შეესაბამება თუ არა. სარგებლობის მომტანი თუ მაინც არის?
- ვფიქრობ, არა.
- „თუ ინფორმაცია, რომელიც გინდა მომაწოდო, არ არის არც კარგი, არც მართალი და არც სასარგებლო, რა აზრი აქვს მის თქმას?!“ - უპასუხა სოკრატემ და განეშორა მოსაუბრეს.
დღეს ასე ცოტა ვინმე თუ მოიქცევა.
ჩვენმა ყოფამ ინტრიგას დიდი გასაქანი მისცა, ფაქტობრივად, ცხოვრების წესად აქცია იგი და ადამიანი სრულიად დაუცველი დატოვა. ეს ქვეყანას ძალიან დააზარალებს.
არ შემიძლია არ აღვნიშნო ის სამწუხარო ფაქტიც, რომ დიდი ხანია, ვაჟებიც და ახლა უკვე გოგონებიც საკუთარი მშობლების მისამართითაც არ ერიდებიან ბილწსიტყვაობას და ვერც ხვდებიან, რომ თავის თავს იწყევლიან და სასტიკ სასჯელს განიწესებენ, რადგან მშობლის შეურაცხმყოფელს ღმერთი განსაკუთრებულად სჯის.
საერთოდაც, წახალისება ხდება უცენზურო გამოთქმების და ტირაჟირება ავადმყოფური აზრების. ეს სიკვდილის გზაა, ჯოჯოხეთის წყვდიადისკენ მიმავალი გზა. ღმერთმა ყველა იხსნას ასეთი დაცემისაგან, მისცეთ სიტყვა წმინდა და მართალი და გულისხმისყოფა ბოროტისაგან თავის დასაღწევად“, - ნათქვამია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.
მასალის გამოყენების პირობები






