აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე კანდიდატების ვინაობა ცნობილი არ არის, კონსულტაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კი აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც ირკვევა, არასამთავრობოები და ეკონომიკის ექსპერტები ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ ვაკანტურ ადგილზე კანდიდატებს პრეზიდენტს იანვრის ბოლოს წარუდგენენ.
სავარაუდოდ იანვრის ბოლოსვე დაასახელებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილი.
“ადმინისტრაცია პროფესიულ დისკუსიას მიესალმება , მაგრამ არც პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და არც მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით, არ და ვერ იქნება გამართლებული ღია პროცესით შერჩეული კანდიდატის არდამტკიცება. კანდიდატურები წარმოდგენილია, შერჩევის პროცესი მიმდინარეობს და ვფიქრობ, პრეზიდენტი იანვრის ბოლომდე დაასახელებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა თემის კომენტირებისას.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უნდა წარუდგინოს დასამტკიცებლად. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით საქართველოს პარლამენტი შვიდი წლის ვადით ირჩევს.
აღსანიშნავია, ისიც, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს მოქმედ წევრებს უფლებამოსილების 7 წლიანი ვადა სხვადასხვა დროს ეწურებათ, შესაბამისად ქადაგიძის ამ თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, საბჭოში მხოლოდ ერთი ადგილი იქნება ვაკანტური და საბჭო დანარჩენი - 6 კაციანი შემადგენლობით კვლავ უფლებამოსილი იქნება მუშაობა გააგრძელოს. წლის ბოლოს ეწურება უფლებამოსილების ვადა საბჭოს კიდევ სამ წევრს: არჩილ მესტვირიშვილს, ოთარ ნადარაიასა და ლაშა ჯუღელს.
კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
როგორც პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში, გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, მთავარი კრიტერიუმები ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრის კანდიდატურის შერჩევისას იქნება გამოცდილება, ცოდნა და განათლება ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში.
მედიაში, საქესპერტო წრეებსა და პოლიტიკურ კულუარებში ქადაგიძის შემცვლელად სხვადასხვა კანდიდატები განიხილება, მათ შორის ყელაზე აქტიურად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილის სახელი იჟღეწრებს.
სხვათა შორის სებ - ის ხელმძღვანელად ჯავახიშვილის დანიშვნის სურვილი ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2012 წელს გამოთქვა.
აღსანიშნავია, რომ ნოდარ ჯავახიშვილი 1993-1998 წლებში უკვე იკავებდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს. მაშინ ქვეყანაში კუპონიზაციით გამოწვეული ვნებათაღელვა იყო.
ნოდარ ჯავახიშვილის გარდა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სავარაუდო კანდიდატებს შორის ფიგურირებს ეროვნული ბანკის კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის, ირაკლი მანაგაძის გვარიც.
ეს უკანასკნელი ეროვნულ ბაკის პრეზიდენტის სავარძელს 1998-2005 წლებში იკავებდა.
ბიძინა ივანიშვილის ფავორიტებს შორის სახელდება ეკონომიკის ექსპერტი და საზოგადოება 20/30-ის ანალიტიკოსი მიხეილ დუნდუა, რომელიც სებ- ის მოქმედ პრეზიდენტს ყველაზე მძაფრად აკრიტიკებს.
საპარლამენტო კულუარებში უმრავლესობის წევრის დავით საგანელიძის გვარმაც გაიჟღერა.
პარლამენტის ეკონომიკურ გუნდში აცხადებენ, რომ შესაძლებელია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტისთვის ძირითადი ბრძოლა წლის ბოლოსთვის გადავადდეს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური განმარტავს, რომ სები-ს პრეზიდენტის არჩევისას „ბურთი ქვეყნის პრეზიდენტის მინდორზეა და უმეტესწილად ის განსაზღვრავს, ვინ იქნება ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი“.
„ არ არის გამორიცხული, გარდამავალ ეტაპზე შეირჩიეს ვინმე, ვისაც უფლებამოსილების ვადა წლის ბოლომდე გასდის და ის იყოს თავისი უფლებამოსივლების ვადით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი“ - აღნიშნავს დეპუტატი.
„17 დეკემბერს დაიწყო ეროვნული ბანკის ახალი საბჭოსა და ახალი ადმინისტრაციის შექმნის სერიოზული პროცესი, რომელიც ერთ წელში, 2016 წლის დეკემბრამდე, უნდა დასრულდეს“ - ეს განცხადება კი „ნიუპოსტთან“ ეკონომისტმა რომან გოცირიძემ გააკეთა.
მისი თქმით, საბჭოს ახალი წევრის შერჩება არ ნიშნავს ავტომატურად ბანკის ახალი პრეზიდენტის დანიშვნას, საქართველოს კანონმდებლობით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ირჩევს საბჭოს შვიდი წევრი და წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც თავისი ხელმოწერით ამტკიცებს ამ გადაწყვეტილებას:
„ჩვენ დღეს ვერ ვიტყვით, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ვეძებთ. ვითარება შეიცვლება ერთი წლის შემდეგ, დეკემბერში, როდესაც საბჭოს ერთ წევრს და ორ ვიცე-პრეზიდენტს ამოეწურება ვადა და საჭირო იქნება სამი დამატებითი წევრის შეყვანა საბჭოში, რაც ადმინისტრაციის ცვლილებას ნიშნავს“.
გოცირიძემ არ გამორიცხა, რომ 2016 წლის დეკემბრამდე გიორგი ქადაგიძე შესაძლოა მისივე გუნდის წევრმა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა, შეცვალოს.
რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ გვარებს, გოცირიძე ამბობს, რომ „მარგველაშვილი მის „მტრებს“ ამ თანამდებობაზე არ დანიშნავს“
„თქვენ მიერ დასახელებული გვარები არიან კონტექსტიდან ამოვარდნილები. ეროვნული ბანკის არც ერთ ყოფილ წევრზე პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა. მათი დანუიშვნა არ მოხდება - საქართველოს პრეზიდენტი არ წარადგენს ამ პოსტზე ისეთ ადამიანს, რომლებიც პირადად მტრობდნენ მას ამ წლების განმავლობაში და ცდილობდნენ შეეზღუდათ მისი ფლებები და ქვეყანა კომპრონტაციულ რეჟიმში ამყოფეს, ამიტომ სებ-ის პრეზიდენტი არ იქნება „ქართული ოცნების“ რჩეული"- ამბობს ექსპერტი.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურის შერჩევა და შემდეგ პარლამენტისთვის წარდგენა მხოლოდ მარგველაშვილის ვალდებულებაა, სწორედ ამ მიზნით შეიმუშავა "ქართულმა ოცნებამ" ,,ეროვნული ბანკის შესახებ'' ორგანული კანონის ცვლილება, რომელიც წარუმატებლად დასრულდა.
ყველას ახსოვს, რომ მმართველი ელიტა ჯიუტად ცდილობდა ეროვნულ ბანკსთვის მთავარ ფუნქცია - საბანკო ზედამხედველობა ჩამოაცლებინა რეალურად, ასეც მოხდა, მაგრამ საქმეში საერთაშორისო სავალუტო ფონდი ჩაერთო, რომელმაც ,,ქართული ოცნების'' ეს კანონი შეაჩერა და ეროვნულ ბანკს თავისი ფუნქცია დაუბრუნა.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






