"ჩვენ მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ვისაუბრეთ. მოვისმინეთ როგორც საბჭოს წევრების პოზიციები, ასევე სასამართლო კორპუსის პოზიციები და მოვუსმინეთ ბატონ მამუკა ახვლედიანს. მან მრავალ საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. მიანიშნა გარკვეულ საკითხებზე, რომ არის ინტერპრეტაცია განსხვავებულად გაკეთებული, თუმცა, რიგ საკითხებზე გააკეთა კომენტარები, რომ ის არის უკმაყოფილო საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონში არსებული ბევრი ჩანაწერით, რომელიც მოსამართლეთა დანიშვნის კრიტერიუმებს უკავშირდება. ასევე სამწლიან საგამოცდო ვადაზე დასვა მან პრობლემები და ისურვა, რომ საბჭოს ჰქონდეს უფრო გამჭვირვალე კრიტერიუმები. მან აღნიშნა, რომ მომავალშიც გააკეთებს განცხადებებს ამ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა გამოიკვეთა ერთი პოზიცია, რომ მისი განცხადებები არის მხოლოდ მისი შეხედულებები და არ არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა პოზიცია", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა შეხვედრა გუშინ თითქმის 3 საათს მიმდინარეობდა. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. სხდომაზე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ 29 დეკემბერს და გუშინ გაკეთებული განცხადებები განიხილეს.
მასალის გამოყენების პირობები






