ენერგეტიკის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ ირანულ და ქართულ მხარეს შორის გაზის მიწოდების საკითხზე რაიმე კონკრეტული შეთანხმება არსებობს. აღნიშნულთან დაკავშირებით კალაძის უწყება განცხადებას ავრცელებს.
„საინფორმაციო საშუალებებში დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ირანი იწყებს საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას სომხეთის გავლით ელექტროენერგიის წარმოების მიზნით დღიურად 8-15 მილიონი კუბური მეტრის ოდენობით.
ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ირანულ მხარესთან ამ ეტაპზე კონკრეტული შეთანხმება არ არსებობს და შესაბამისად ბუნებრივი აირის მოწოდების დაწყების საკითხიც არ არის გადაწყვეტილი.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ირანი ერთ-ერთი მსხვილი გაზის მწარმოებელი ქვეყანაა მსოფლიოში და ბუნებრივია გაგრძელდება მოლაპარაკებები ყველა პოტენციურ მომწოდებელთან რეგიონში გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს სტაბილური და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი საქართველოსთვის გაზის მიწოდებას აპირებს და ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები






