„ნიუპოსტი“ დაინტერესდა, რა მიზანს ემსახურება რუსი მაღალჩინოსანის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვიზიტი და რა სტრატეგიით უნდა იმოაქმედოს მსგავს სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლებამ.
ამ საკითხზე ჩვენ თავდაცვის ყოფილ მინისტრს - დიმიტრი შაშკინს ვესაუბრეთ.
ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი ამბობს, რომ თურქეთის წინაღმდეგ რუსეთი იგივე სცენარს ავითარებს, რაც 2008 წლის ეთნოწმენდის შემდეგ საქართველოსთან მიმართებით გამოიყენა.
- ყველასთვის ცნობილია, რომ სურკოვი აფხაზეთს კრემლში აქტიურად კურირებს... პუტინის თანაშემწე თურქეთის წინააღმდეგ პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების შემოღებას განიხილავს. როგორია თქენი შეფასება?
- პუტინის თანაშემწის ჩასვლა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ძალიან ნიშანდობლივია. რუსეთმა ბოლომდე გააფუჭა ურთიერთობა თურქეთთან, ახლა კი აპირებს კოალიციის მსგავსი გაერთიანება შექმნას თურქეთის წინააღმდეგ, რომ წარმოჩნდეს ისე, თითქოს ეს არ არის მხოლოდ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება. იგივე გააკეთა კრემლმა საქართველოში 2008 წლის ომის შემდეგ. ის ცდილობდა ჯუჯა სახელმწიფოებისგან შეექმნა საქრთველოს მოწინააღმდეგეთა კოალიცია. სურკოვის ვიზიტიც ემსახურება იმას , რომ რუსეთმა მსოფლიოში გაყიდოს ეს დაპირისპირება, როგორც კოალიცია თურქეთის წინააღმდეგ და არა რუსეთი თურქეთის წინააღმდეგ.
- რა მნიშვნელობის მატარებელია ეს ვიზიტი საქართველოსთვის?
- მოგეხსენებათ, რომ თურქეთში ნახევარმილიონზე მეტი მუჰაჯირი ცხოვრობს. ცნობისთვის მე -20 საუკუნის დასაწყისამდე, აფხაზი ერი რუსეთის იმპერიაში დეკლარირებული იყო, როგორც დამნაშავე ერი. ამის გამო, ეს ნახვერამილიონი ადამიანი გადავიდა თურქეთის ტერიტორიაზე და ეწოდა მუჰაჯირი. ალბათ, ამის გათვალისწინებით, თურქეთი აფხაზეთის საკითხის მიმართ ძალიან ფაქიზ პოზიციას იკავებდა. ის ყოველთვის აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა იძულებული იყო გაეწია ანგარიში თურქეთში მცხოვრები აფხაზებისთვის, ამიტომ თურქეთს აფხაზეთთან გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა.
- ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ მოახერხებს რუსეთი აფხაზეთის ჩართვას თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში?
- რუსეთი თავისას მაინც გაიტანს იმ მარიონეტული ხელისუფლების დახმარებით, რომელსაც აფხაზი ხალხის ინტერესი არ აღელვებს. ეს ადამიანები აუცილებლად შეასრულებენ სურკოვის დავალებას და ღიად შეუერთდებიან რუსეთის სანქციებს.
- ე.წ აფხაზეთის რესპუბლიკის მარიონეტულ მთავრობას გააჩნია იმის რესურსი, რომ თურქეთს სანქცია დაუწესოს, მით უფრო როცა თურქეთი აფხაზეთში მეორე ადგილზეა სავაჭრო ურთიერთობების სფეროში?
- აფხაზეთის ეკონომიკა სასაცილო მდგომარეობაშია, შესაბამისად ძალიან სასაცილო ვითარებაა, მაგრამ ეს კეთდება პოლიტიკური თამაშისთვის, როგორც თავში აღვნიშნე, რუსეთს ეს ყველაფერი სჭირდება საერთაშორისო ბაზარისთვის. გაყიდის ამ დაპირისპირებას თითქოს თურქეთის წინააღმდეგ კოალიცია გამოდის და არა პუტინის რუსეთი.
- რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ?
- ჩვენ, როგორც არასდროს უსე უნდა გავააქტიუროთ ურთიერთობა მეზობელ თურქეთთან. ბუნებრივია, თურქეთი ძალიან გაბრაზდება, იქნება ნაწყენი ე.წ აფხაზეთის რესპუბლიკის მარიონეტული ხელისუფლების გადაწყვეტილებით. საქართველოსთვის კი იხსნება თურქეთთან ურთიერთობისთვის ახალი ფანჯარა. თუ ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმუშავა, თურქეთი გააღრმავებს საქართველოსთან ურთიერთობას და დაიკავებს ხისტ დამოკიდებულებას აფხაზეთის ე.წ მთავრობასთან. თუ ადრე თურქეთი ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნიდა ოკუპირებულ აფხაზეთში და ჰუმანიტარულ ურთიერთობას ინარჩუნებდა, მომავალში აღარ გააკეთებს.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






