პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება.
როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, ყველაფერი გაკეთდება, რათა საქართველო მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროპას ინსტიტუციურად, კანონმდებლობით და გახდეს ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი.
კვირიკაშვილი ვიზალიბერალიზაციის გეგმის წარმატებით განხორციელების შესახებ ევროკომისიის დადებითი ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოს ყველა მოქალაქემ თავისუფლად იმოგზაუროს ევროპაში. მისი თქმით, ეს ასევე საშუალებას მისცემს ბიზნესმენებს, დაამყარონ საქმიანი კონტაქტები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ნაწილში.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შეფასებით, საქართველოს ასევე კარგი მაჩვენებლები აქვს ნატოსთან სამხედრო თავსებადობის კუთხით და ამავდროულად, პრიორიტეტად რჩება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდა.
მთავრობის ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედად გიორგი კვირიკაშვილმა სტაბილური განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნა დაასახელა.
„ამიტომ, გავაგრძელებთ პრაგმატულ, მშვიდობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, რათა ქვეყანას ჰქონდეს მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა, რათა მოქალაქეებს მივცეთ მშვიდი ცხოვრების საშუალება. ჩვენ გავაკეთებთ შესაძლებლობის მაქსიმუმს, რათა გამოყენებული იყოს მთავარი ფორმატის - ჟენევის დისკუსიების შესაძლებლობები და გავაგრძელებთ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობისას შეიქმნა და ამ ფორმატის წარმატებას ყველა საერთაშორისო პარტნიორი აღნიშნავს. ჩვენ დავამკვიდრებთ საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც ამავე დროს არის ხიდი ევროპასა და აზიას შორის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






