"2015 წლის 11 თვის განმავლობაში ევროკავშირში ექსპორტი გაიზარდა 6%-ით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან, იმიტომ, რომ თითქმის ყველასთან მოხდა ვალუტის დევალვაცია, იყო ეკონომიკური კრიზისი, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა შემცირდა და ის, რომ ჩვენ ევროპასთან სავაჭრო ბრუნვა გაგვეზარდა, გაგვეზარდა ასევე იმპორტიც და ექსპორტი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებლი.
ჩვენი მეწარმეები საკმაოდ ნიჭიერები არიან, საკმაოდ მალე აუღეს ამას ალღო და თუ დსთ-ს ქვეყნების წილი იყო 31 % და ევროპის ქვეყნების წილი იყო ნაკლები, დღეს ეს პროპორცია შეტრიალებულია. 6%-ით არის დაკლებული დსთ-ს ქვეყნების წილი და პირიქით არის გაზრდილი ევროპის წილი ჩვენს მთლიან ბრუნვაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ბიზნესმენები უკვე ყიდიან თავის პროდუქციას იმ ქვეყნებში, სადაც გადახდისუნარიანობა უფრო მაღალია", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ქუმსიშვილის განცხადებით, კერძო სექტორი ეკონომიკის მამოძრავებელია და მისი სტიმულირება როგორც პოლიტიკის დონეზე, ასევე ინსტრუმენტის დონეზე, მთავრობის ძირითადი ამოცანა იქნება. როგორც ჟურნალისტებს ქუმსიშვილმა განუცხადა, ეკონომიკის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი კერძო სექტორზე ორიენტირებულობა რჩება. მისი მტკიცებით, ეკონომიკის სამინისტრო, როგორც ვაჭრობის პოლიტიკის გამტარებელი უწყება, ძალისხმევას არ დაიშურებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი რეფერენცირებული სავაჭრო რეჟიმები იყოს მოპოვებული სხვადასხვა ქვეყნებიდან.
„ჩვენი მიზანია, ჩვენს ქვეყანაში ნაწარმოები პროდუქცია თუ მომსახურება დაუყოვნებლად შევიდეს სხვა ქვეყნებში“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.
ქუმსიშვილმა მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანამ წარმატებებს მიაღწია სამთო მოპოვებაში, მრეწველობასა და მშენებლობაში , ხოლო ტურიზმის სფეროდან შემოსავალმა 64 მილიონი შეადგინა, ტურისტთა რაოდენობამ კი 5 მილიონს გადააჭარბა.
როგორც ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა "3 წელში უმუშევრობის მაჩვენებელი 2,7%-ით შემცირდა."
მასალის გამოყენების პირობები






