უმრავლესობის დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი ლევან მურუსიძის არჩევასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს.
ბერძენიშვილის თქმით, მას არ მოსწონს მურუსიძე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსამართლეების არჩევის პროცესში ხელისუფლება უნდა ჩაერიოს.
"მე არ მომწონს მურუსიძე და მისი არჩევა მიმაჩნია სამარცხვინო მოვლენად საქართველოს ისტორიაში. ჩვენ ამ პროცესში ვერ ჩავერევით და ის მოთხოვნა, რომ ხელისუფლება ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლებაში ძალიან გულუბრყვილო, არასწორი და არადემოკრატიულია. დემოკრატიის ყველა წესების დაცვით მოხდა ცუდი ადამიანის, სამარცხვინო მურუსიძის არჩევა. მე მრცხვენია ყველა მოსამართლის ნაცვლად, მაგრამ ჩვენ მათ ვერაფერს ვეტყვით. ვინც მურუსიძე აირჩია, ყველა ის ადამიანი მიმაჩნია უღირს პიროვნებად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩავერიოთ მათ გადაწყვეტილებაში“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორი დღის წინ აირჩია.
მასალის გამოყენების პირობები






