პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის თემა ხანგრძლივი განხილვის საგანი არ უნდა იყოს.
ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პირადად მისთვის ღარიბაშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.
„ბუნებრივია, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყნის მიღწევებსა თუ ჩავარდნებში მისი წვლილიც არის. მმართველობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას მან ისაუბრა იმ მიმართულებებზე, სადაც მეტი მუშაობაა საჭირო. საერთოდ, ღარიბაშვილი, უსუფაშვილი თუ ივანიშვილი ერთადერთნი და განუმეორებლები არ არიან - მჯობზე მჯობი არასოდეს დაილევა. დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილსაც გაუხარდება, თუ ქვეყანას მასზე უკეთესი პრემიერი ეყოლება. მისი გადადგომა ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ვიცოდი, რომ ამ ნაბიჯზე ფიქრობდა. რაც შეეხება საზოგადოებას, ასეთი გადაწყვეტილება არც ერთ ქვეყანაში საჯარო განხილვის საგანი არ ხდება. ირაკლი სწორად მოიქცა, თავისი გადადგომა ხანგრძლივი განხილვისა და მითქმა-მოთქმის თემად რომ არ აქცია“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ღარიბაშვილის გადადგომა კონკრეტულ მოვლენას არ უკავშურდება.
უსუფაშვილი კომენტარს ლევან ბერძენიშვილის განცხადებასაც ეხმაურება.
„პოლიტიკაში მითქმა-მოთქმა გარდაუვალია, თუმცა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა კონკრეტულ ფაქტსა თუ მოვლენას არ უკავშირდება. ამ მხრივ მხოლოდ ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი - პარლამენტმა ბიუჯეტი მიიღო, შესაბამისად, მომავალი წლის სამოქმედო გეგმა მზად არის; მეორე კი გახლავთ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი. არ იქნებოდა სწორი, ირაკლი ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე გადამდგარიყო. რაც შეეხება ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, ბედნიერი ვიქნებოდი, საქართველოში სიის პირველი ნომრის შერჩევა 6-7 თვით ადრე შეგვეძლოს. დანარჩენი კი მხოლოდ ჟურნალისტის კონკრეტული კითხვის პასუხი გახლდათ. ირაკლი ორი წლის განმავლობაში და მინისტრობის დროსაც დატვირთული რეჟიმით მუშაობდა. მე ვურჩევდი ღარიბაშვილს, ახალი წელი რაც შეიძლება ხანგრძლივად იზეიმოს და საკუთარი მომავალი ამის შემდეგ დაგეგმოს“, - ამბობს უსუფაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






