ვარაუდებზე ბევრს საუბრობენ და სხვადასხვა ვერსიებიც აქტიურად გამოდის სამთავრობო დერეფნებიდან.
ყოფილი პრემიერის გარემოცვა და ექსპერტთა ნაწილი თანხმდება, რომ მმართველმა ძალამ საკუთარ ცოდვებს მსხვერპლად ღარიბაშვილი შესწირა.
ანალიტიკოსები მოულოდნელ გადადგომას და მოსალოდნელ საკადრო წმენდას ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს უკავშირებენ.
ოპოზიცია თანხმდება, რომ თავის დროზე ღარიბაშვილის დანიშვნისა და მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება ოლოგარქმა ერთპიროვნულად მიიღო. „ნიუპოსტის“ წყაროს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი 15 % - იანი კოალიციის გადასარჩენად გეგმებს აქტიურად სახავს და ახალი პოლიტიკური გუნდის ფორმულირებისთვის კვირიკაშვილთან აქტიურად თათბირობს. კულუარული ინფორმაციით, ღარიბაშვილსა და ოლიგარქს შორის ერთგვარი გარიგება შედგა, რომელიც ახალ პოლიტიკურ კალენდარს უკავშირდება.
და მაინც რატომ მოხსნეს ღარიბაშვილი?
პოლიტოლოგების ნაწილისა და ოპოზიციის განცახდებით, ღარიბაშვილს ბევრი ყვითელი ბარათი დაუგროვდა. მისი 3-წლიანი პრემიერობისას მთავრობამ რადიკალური შეცდომები დაუშვა, შესაბამისად მხარდამჭერების რაოდენობამ ელვის სისწრაფით იკლო. ჩავარდა მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა, ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა სრული ფიასკო განიცადა, ლარის გაუფასურების კვალდაკვალ მთავრობის მეთაურობის არაფექტურ მმართველობაზე პედალირებდა ოპოზიცია. ღარიბაშვილს ნეპოტიზმში ამხელდა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც".
ღარიბაშვილს შავ ლაქად დაემჩნა ე.წ. ჯანყარაშვილი-ჩხენკელების სკანდალიც. მაშინ ბიძინა ივანიშვილმა მას მკაცრი გააფრთხილება და ერთი შანსი მისცა.
როგორც ამბობენ, ღარიბაშვილის გადადგომა მედიაში ბოლო დროს ატეხილმა აჟიოტაჟმა დააჩქარა, რომლის მიხედვით მთავრობის მეთაური სანდრო გირგვლიანის სკანდალურ მოსამართლეს ლევან მურუსიძეს აქტიურად ლობირებდა.
სად არის ღარიბაშვილის მეგობარი ვიცე-პრემიერი კალაძე?
არსებობს ვარაუდი, რომ ღარიბაშვილის გადადგომა კალაძესთან გართულებულ ურთიერთობას უკავშირდება.
მთავრობის სამწლიანი შედეგების შეჯამება სიმბოლურად და ლოგიკურად 24 ოქტომბერს იყო დანიშნული. მაშინ პრემიერ-მინისტრის მოხსენებისთვის სახელმწიფო კანცელარიაში ყველა სამინისტროს საკუთარი მიღწევების შესახებ მასალები გადაგზავნილი ჰქონდა. თუმცა, რამდენიმე დღით ადრე, 24 ოქტომბრის ღონისძიება მოულოდნელად გადაიდო. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მოხსენების ჩაშლას წინ უძღოდა ღარიბაშვილსა და ვიცე-პრემიერ კალაძეს შორის უთანხმოება. ბიძინა ივანიშვილმა კი ამ დავაში კალაძის მხარე დაიჭირა და ღარიბაშვილის წასვლის შესახებ სწორედ მაშინ იქნა გადაწყვეტილება მიღებული.
ეს გადაწყვეტილება მაშინ მხოლოდ იმიტომ არ გახმაურდა, რომ კონფლიქტი ვიზალიბერალიციის მიღების პროცესს შეაფერხებდა. საგულისხმოა, რომ ღარიბაშვილის „მოულოდნელ“ გადადგომაზე ამ დრომდე შეფასება არ გაუკეთებია ვიცე-პრემიერ კალაძეს.
და მაინც სად წავა ღარიბაშვილი? - ვარაუდები და პროგნოზები აქაც მრავალფეროვანია:
ერთ-ერთი ვერსიით, ეს უკანასკნელი „ეროვნულ ბანკს“ უხელმძღვანელებს. თუმცა, ,,ნიუპოსტის" ინფორმაციით, ღარიბაშვილის მომდევნო გაჩერება დედაქალაქის მერიაა - ივანიშვილი ღარიბაშვილს ნარმანიას ადგილს უმზადებს. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნარმანია თანამდებობიდან გადადგებოდა და 2016 წელს რიგგარეშე ადგილობრივი არჩევნები დაინიშნებოდა.
ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას გადაგომა გარდაუვალია, რადგან ივანიშვილს ნარმანიას სახელის გაგონებაც არ სურს.
„დავით ნარმანიას გადადგომა გარდაუვალია. ეს პროცესი გავრცელდება დედაქალაქის ხელმძღვანელობაშიც. "ოცნების" ლიდერები უკმაყოფილო არიან ნარმანიას მუშაობით. ყველას გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის აგრესია, აღარაფერს ვამბობ ივანიშვილზე, რომელსაც ნარმანიას ხსენება აღარ უნდა, ისეა გაღიზიანებული. ასე რომ მერის შეცვლა გარდაუვალია, რადგან ეს საზოგადოების მოთხოვნაა და ჩვენ ვიხილავთ გადადგომების მორიგ სერიას, ოღონდ ახალი წლის შემდეგ“ - ამბობს ექსპერტი.
„ახლა ვაპირებ, რომ უბრალოდ, დავისვენო და დანარჩენს დრო გვაჩვენებს“ - ამის შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, რომელსაც მედიამ კითხვა მის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით დაუსვა.
როგორც ზევით აღვნიშნეთ, ხელისუფლებაში საკადრო წმენდაა მოსალოდნელი. მთავრობის მეთაურის გადადგომის შემდეგ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ღარიბაშვილის პირად კადრებად ითვლებოდნენ სავარაუდოდ ვეღარ შეინარჩუნებენ პოსტებს.
"რუსთავი 2"- ის ცნობით, მათ შორის შეიძლება აღმოჩნდნენ მინისტრები, გუბერნატორები და რაც მთვარია – ე.წ. კახური კლანის წევრები, ანუ ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვა, რომელშიც მისი ოჯახის წევრები შედიან.
მინისტრების პორტფელების გარეშე შეიძლება შინაგან საქმეთა, სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულებისა და ევროინტეგრაციის მინისტრები დარჩნენ. მათთან ერთად არსებობს ინფორმაცია, რომ თანამდებობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელიც დატოვებს.
შესაძლოა თანამდებობის გარეშე დარჩეს კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე და მისი მოადგილეებიც, რომელთაგან ერთ-ერთი ალექსანდრე ჭიკაიძეა.
ქართულ ოცნებაში არ გამორიცხავენ, რომ ცვლილებები შესაძლოა მტკივნეული იყოს.
ასევე მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის ნათესავი ზვიად ჯანყარაშვილი პასუხისგებაში მისცენ. „ქრონიკა +“-ის რედაქტორის ინფორმაციით, ჯანყარაშვილი ღარიბაშვილ-ივანიშვილის დაპირისპირების ძირითადი მიზეზი გახდა.
როგორ აფასებენ ღარიბაშვილის წასვლას და კვირიკაშვილის მოსვლას პოლიტიკოსები?
ნაციონალურ მოძრაობაში ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლას ბიძინა ივანიშვილის გადაწყევტილებას უწოდებენ და ამბობენ, რომ ქვეყენაში რეალური ცვლილება მანამდე არ იქნება, სანამ რეალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მართვას არ ჩამოშორდება.
„ეს ადამიანი იყო თოჯინა, მარიონეტი და დღევანდელი გამოსვლა ამის კიდევ ერთი დადასტურება იყო. სანამ ჩვენ არ შევცვლით გზას, რომელმაც ასე დააბეჩავა ქართული პოლიტიკა, როგორც დააბეჩავა თავისი მარიონეტი ღარიბაშვილი - მანამდე არაფერი შეიცვლება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება ძალიან მალე და ბიძინა ივანიშვილი ვეღარ ითამაშებს ვერც თავისი თოჯინებით და ვერც ჩვენი ქვეყნის მომავლით“ - აცხადებს გიგა ბოკერია.
რაც შეეხება ღარიბაშვილის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნას, როგორც ენმ-ის კიდევ ერთი წევრი გიორგი კანდელაკი აღნიშნავს, „კვირიკაშვილი ივანიშვილის ხუშტურების ისეთივე მომსახურე პერსონალი იქნება, როგორიც იყო ღარიბაშვილის კაბინეტი“.
"ღარიბაშვილი პატრონმა თანამდებობიდან კინწისკვრით გააგდო"- ეს განცხადება კი შალვა ნათელაშვილს ეკუთვნის.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლა და ახალი პრემიერის დანიშვნა ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.
„მისი სახე პირდაპირ მიუთითებს, რომ პატრონმა ამ თანამდებობიდან კინწისკვრით გააგდო. ოლიგარქი ე.წ. პრემიერ-მინისტრად ანუ საკუთარი მილიარდების დარაჯად, მორიგ ბანკირს გვინიშნავს. ეს ფაქტიც იმიტომაა ხალხისთვის სულში ჩაფურთხება, რომ ბატონი კვირიკაშვილი ავადსახსენებელ 90-იანებში ავბედით ვანო ჩხარტიშვილთან ერთად გაერთიანებულ ქართულ ბანკში მოღვაწეობდა, საიდანაც მათ, როგორც ცნობილია ჩვენი ხალხის ანაბრები დაიტაცეს და ქვეყანა მშიერ-ტიტველი დატოვეს“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაას ბიძინა ივანიშვილის თამაშს უწოდებს.
"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავას შეფასებით, ღარიბაშვილს მისი პირადი გადაწყვეტილება არ გაუხმოვანებია.
ედპ-ის ლიდერის თქმით, ღარიბაშვილის გადაყენების გადაწყვეტილების ავტორი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ქვეყანას კულუარულად მართავს.
"ფაქტია, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიუღია ირაკლი ღარიბაშვილს, გადაწყვეტილება მიიღო იმ ადამიანმა, რომელიც ამ წლების განმავლობაში მართავდა ქვეყანას - ეს ბიძინა ივანიშვილია"- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
რაც შეეხება პრემიერობის კანდიდატის შეფასებას, არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, "შესაკრებთა ადგილების შეცვლით ჯამი არ იცვლება".
"ქართული პოლიტიკის ჯამი არის ადამიანი, რომელიც რეალურად პოლიტიკაში ჩრდილშია და გადაწყვეტილებებს ეკონომიკასთან და პოლიტიკასთან მიმართებაში იღებს ის. მე არ ვიცი, რამდენად იქნება ბატონი კვირიკაშვილი პრინციპული და რამდენად აღიქვამს, რომ ის არის ქართული სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და მას გარედან არავინ არაფერს უნდა კარნახობდეს. ამ შემთხვევაში ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება".
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






