„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ფიქრობს, რომ სამთავრობო ცვლილებები ქვეყანაში რეალურად ვერაფერს ვერ შეცვლის.
როგორც ქარდავა ამბობს, გადაწყვეტილებებს ეკონომიკასთან და პოლიტიკასთან მიმართებაში კვლავ ბიძინა ივანიშვილი იღებს.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იმედოვნებს, რომ გიორგი კვირიკაშვილი წინამორბედისგან განსხვავებით პრინციპულობას გამოიჩენს.
„შესაკრებთა ადგილების შეცვლით ჯამი არ იცვლება. ამ შემთხვევაში ქართული პოლიტიკის ჯამი არის ადამიანი, რომელიც რეალურად პოლიტიკაში ჩრდილშია და გადაწყვეტილებებს ეკონომიკასთან და პოლიტიკასთან მიმართებაში იღებს ის. მე არ ვიცი რამდენად იქნება ბატონი კვირიკაშვილი პრინციპული და რამდენად აღიქვამს, რომ ის არის ქართული სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და მას გარედან არავინ არაფერს უნდა ჰკარნახობდეს. ამ შემთხვევაში ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, - აცხადებს ქარდავა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა 23 დეკემბერს დატოვა. დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი წარადგინა. მან მთავრობის ფორმირებისთვის 2 დღე ითხოვა.
მასალის გამოყენების პირობები






