საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნის ფაქტს გამოეხმაურა.
მისი ინფორმაციით, კენჭისყრა, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობდა, პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა წევრმა დატოვა.
„ასეთი გადაწყვეტილების მიმართ ქართული საზოგადოების მიუღებლობა განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა. ეს მიუღებლობა ყალიბდებოდა წლების განმავლობაში გამომდინარე იმ საქმეებიდან, რომელმაც არა მარტო გააერთიანა ქართული საზოგადოება, არამედ გამაოგნებელი იყო სტრასბურგის სასამართლოსთვის. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩემს მიერ დანიშნულმა ერთმა წევრმა კენჭისყრა დატოვა. სახელმწიფოს უზენაესი მიზანია სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბება. ეს ჩვენი ვალდებულებაა. პრეზიდენტს ამ თვალსაზრისით აქვს შესაძლებლობა წარადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რასაც მე პასუხისმგებლობით განვახორციელებ. ბრძოლა სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად გრძელდება და მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლედ აირჩიეს. მურუსიძეს ხმა საბჭოს 10-მა წევრმა მისცა.
მასალის გამოყენების პირობები






