რამდენიმე თვის წინ „ნიუპოსტი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა , რომ მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებების საქმის კურსშია ბიძინა ივანიშვილი, მეტიც, "ქართული ოცნების" კულუარებიდან გამოსული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა მერის არჩევნები ვადაზე 2 წლით ადრე, 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გაიმართოს.
"არ ვაპირებ გადადგომას. მერი არის ხალხის მიერ არჩეული და ოპოზიციის განცხადების გამო ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ვაპირებ,"- აცხადებდა ნარმანია ორი თვის წინ, თუმცა ამჟამად გავრცელებული ინფორმაციით ნარმანიას გადადგომა არა ოპოზიციის განცხადების, არამედ ბიძინა ივანიშვილის სურვილის გამო მოუწევს.
ნარმანიას შემცვლელების სავარაუდო სია, რომელშიც ამ დრომდე კახა კალაძე და ლაშა აბაშიძე მოიაზრებოდნენ, პრემიერობიდან წასვლის შემდეგ ღარიბაშვილის გვარიც მიემატა. კულუარული ინფორმაციით, ღარიბაშვილი გადადგომას სწორედ ამ სქემით „დათანხმდა“.
ინფორმაციის თანახმად, ნარმანია განცხადებას ახალ წლამდე გააკეთებს. არჩევნებამდე მერის მოვალეობის შემსრულებელი პირველი ვიცე მერი ლაშა აბაშიძე იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






